რუსეთი

ზახაროვა: აშშ-ს პრესა "მონსტრს" იმდენი ხანია ებრძვის, რომ თავად გადაიქცა მონსტრად

მარია ზახაროვა
The Times

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა, ცნობილი ამერიკული გამოცემის The New York Times რუსეთის კორესპონდენტის ვაკანსიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ "რუსოფობიურია" და "პოლიტიკურ ჭორებს" ეფუძნება. 

"მახსენდება ნიცშე, რომლის პარაფრაზირებაც მინდა, ამერიკული პრესა "მონსტრს" იმდენი ხანია ებრძვის, რომ შეუმჩნევლად თავად გადაიქცა [მონსტად]". - წერს მარია ზახაროვა.

The New York Times-მა გასულ კვირას გამოაქვეყნა ვაკანსია, სადაც წერია, რომ სამსახურის ადგილმდებარეობა "ვლადიმირ პუტინის რუსეთია". აღწერაში აღნიშნულია, რომ ვლადიმირ პუტინის რუსეთში მტრების წინააღმდეგ ნერვული აგენტით შეიარაღებულ ჯგუფებს აგზავნიან და ამის მაგალითად მოყვანილია უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც რუსეთში ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს. 

"მას ჰყავს მისი კიბერაგენტები, რითაც ქაოსსა და დისჰარმონიას ქმნის დასავლეთში, რათა მის დემოკრატიულ სისტემებს ავნოს თავისი დემოკრატიის ყალბი ვერსიის ხელშეწყობის პარალელურად. მას მსოფლიოში განლაგებული ჰყავს დაქირავებული რუსი სამხედროები, რათა ჩუმად გაავრცელოს მისი გავლენა. შინ საავადმყოფოები სწრაფად ივსება კორონავირუსით დაავადებული პაციენტებით მაშინ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი თავის ვილაში იმალება". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

სწორედ ამ განცხადებაზე ზახაროვამ თქვა, რომ გაზეთი რუსოფობიურია და შეშფოთება გამოხატა რუსეთში მყოფ The New York Times-ის თანამშრომლებზე. 

"ამ გაზეთს საერთოდ აქვს უფლება, კორესპონდენტის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს მათი ასეთ არაადამიანურ გარემოში სამუშაოდ გაგზავნით?" – წერს ზახაროვა

შემდეგ მან თქვა, რომ რუს მაღალჩინოსნებს შეუძლიათ უცხოელ ჟურნალისტებზე ვიზა არ გასცენ, რათა მათი უსაფრთხოება უზრუნველყონ. 

"ამერიკელი ჟურნალისტების სიცოცხლე ასევე მნიშვნელოვანია, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი The New York Times-ისთვის მუშაობენ". – დასძინა ზახაროვამ. 

მან The New York Times-ს ურჩია, რომ მათი საქმიანობა შეზღუდოს და რომ მათი რუსეთში ფიზიკურად ყოფნის საჭიროება არ არის "ტყუილების გასავრცელებლად". 

კომენტარები