რუსეთი

რუსეთში იეჰოვას რამდენიმე მოწმე დააკავეს

24 ნოემბერს რუსეთში სამართალდამცავებმა იეჰოვას არაერთი მოწმე დააკავეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, მათ გამოძიება დაიწყეს, რადგან ეჭვობენ, რომ იეჰოვას მოწმეების ჯგუფი მოსკოვში აქტივობას აორგანიზებდა ეროვნულ ცენტრთან და შვილობილ ორგანიზაციებთან ერთად.

იეჰოვას მოწმეების ევროპული ასოციაციის სპიკერი, იაროსლავ სივულსკი, უარყოფს ინფორმაციას, რომ ცენტრმა აქტივობები გააგრძელა. მისივე თქმით, ჯგუფს დევნიან.

ერთერთ კერძო საკუთრებაში შეჭრის დროს, სამართალდამცავებმა ძალაყინისა და ნაჯახის გამოყენებით შეანგრიეს კარი.

სააგენტოში თქვეს, რომ მათ ჯგუფიდან გამოავლინეს არაერთი ორგანიზატორი და დააკავეს. მათივე განცხადებით, ქვეყნის ოცზე მეტ რეგიონში ჩატარდა ჩხრეკა. 

სივულსკის თქმით, მოსკოვში იეჰოვას ექვსი მოწმეა დაკავებული.

2017 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ რელიგიური ორგანიზაცია ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო და რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს ქადაგება აუკრძალა.

მინისტრმა რუსეთის უზენაეს სასამართლოს მოსთხოვა, რომ დაეხურათ რელიგიური ორგანიზაციის სათაო ოფისი და 175 000 წევრისთვის აეკრძალათ "ექსტრემისტული" ლიტერატურის გავრცელება.

გასული წლის მარტში იეჰოვას მოწმეების თქმით რუსეთში, ქალაქ სურგუტში საგამოძიებო კომისიის ოფისში დაკითხვისას ისინი გააშიშვლეს, სცემეს და ელექტროშოკით აწამეს.

რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა აკრძალვასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არის რელიგიური დევნა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც უბრალოდ, საკუთარ რწმენას გამოხატავს.

რელიგიური ორგანიზაცია რუსეთში 1991 წელს დარეგისტრირდა. საბჭოთა კავშირის დროს ათასობით იეჰოვას მოწმე გადაასახლეს ციმბირში. იმ დროისათვის, სხვა ქრისტიანული ჯგუფებიც იდევნებოდნენ.

კომენტარები