კორონავირუსი საქართველოში

"ყველა ვარიანტი განიხილება" – იმნაძე წითელ ზონაში მოხვედრილი ქალაქების ჩაკეტვაზე

"ყველა ვარიანტი განიხილება". - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ რუსთავი 2-ის კითხვას, განიხილება თუ არა იმ ქალაქების დახურვა, სადაც საწოლების რაოდენობა არის ამოწურული ან რომელიც საქართველოს კოვიდ რუკაზე წითელი ზონებია.

პაატა იმნაძის თქმითვე, საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით განიხილავს ყველაფერ იმას, რაც მობილობას მაქსიმალურად დააგდებს.

"ნაკლები უნდა იყოს ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა". - აღნიშნა მან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ახალი წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება ხვალ, 25 ნოემბერს გამოცხადდება. კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა მკაცრ შეზღუდვებს, პაატა იმნაძემ თქვა, რომ "ზოგს შეიძლება მკაცრ შეზღუდვად მოეჩვენოს, ზოგს - ნაკლებად მკაცრად".

24 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 111 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 კი გარდაიცვალა. სულ 18 526 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები