კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: თუ ინფიცირებულს კლინიკა არ იღებს, 15 05-ზე დარეკოს და დროული რეაგირება მოხდება

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს კლინიკა არ მიიღებს, მას შეუძლია, სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05 – დარეკოს და მოხდება შესაბამისი რეაგირება. ამის შესახებ ტიკარაძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში ილაპარაკა.

"ზარი იწერება და შესაბამისად, მოხდება დროული რეაგირება როგორც რეგულირების სააგენტოსგან, ასევე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მხრიდან. ჩვენ ნამდვილად უზრუნველვყოფთ ყველა პაციენტის უსაფრთხოებას და ასევე, მის განთავსებას საჭირო ლოკაციაზე. არავის აქვს უფლება, პაციენტი დატოვოს კლინიკის გარეთ". – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმითვე, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც უკვე თავისუფალი ადგილები არ არის, კიდევ 350 საწოლი დაემატება. იქ ყველაზე რთულ და მძიმე პაციენტებს მიიღებენ. ასევე, ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ფარგლებში, 200 ადგილი დაემატება.

"თუმცა, მინდა, დაგარწმუნოთ, არც ერთი საწოლ-ფონდი არ იქნება საკმარისი, თუ ჩვენ არ გვეყოლება საკმარისი სამედიცინო პერსონალი და არ ვმართავთ ინფექციის გავრცელებას, მთავარია ინფექციის გავრცელების შეჩერება". – ამბობს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ თავისუფალ ადგილებს. მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 373 საწოლია თავისუფალი ინფიცირებული პაციენტების მისაღებად. 

24 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 111 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 კი გარდაიცვალა. სულ 18 526 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები