კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ჯანდაცვის რესურსის მაქსიმალურ ზღვარს არ დავასახელებ, ეს მოსახლეობას ათამამებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ აკონკრეტებს, რა არის ჯანდაცვის რესურსის მაქსიმალური ზღვარი, რომლის მობილიზებაც ქვეყანას პანდემიასთან საბრძოლველად შეუძლია. მისი თქმით, ეს მოსახლეობას გაათამამებს, რადგან თუ იციან, რომ საწოლფონდი არსებობს, ხალხი ნაკლებად იცავს წესრიგს.

"იცით, ეს მაქსიმალური ზღვრის დასახელება მე მიჩენს განცდას, რომ მეტად უფრო ათამამებს ჩვენს მოსახლეობას, ვინაიდან, თუ ჩვენ ვხედავთ, რომ საწოლფონდი არსებობს, მაშინ ჩვენ ნაკლებად ვიცავთ წესრიგს. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ვერიდები იმ რიცხვის დაანონსებას, რომელი რესურსიც ჩვენ გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რესურსი და ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ყველა ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად და მათი ჯანმრთელობის დასაცავად". – ამბობს ტიკარაძე. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმითვე, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც უკვე თავისუფალი ადგილები არ არის, კიდევ 350 საწოლი დაემატება. იქ ყველაზე რთულ და მძიმე პაციენტებს მიიღებენ. ასევე, ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ფარგლებში, 200 ადგილი დაემატება.

"თუმცა, მინდა, დაგარწმუნოთ, არც ერთი საწოლფონდი არ იქნება საკმარისი, თუ ჩვენ არ გვეყოლება საკმარისი სამედიცინო პერსონალი და არ ვმართავთ ინფექციის გავრცელებას, მთავარია ინფექციის გავრცელების შეჩერება". – ამბობს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გაზაფხულზე ქვეყანას მხოლოდ 1 000-მდე სამედიცინო პერსონალი ჰყავდა მობილიზებული, დღეს ჰოსპიტალურ სექტორში 8 000-ზე მეტი ექიმია ჩართული, ხოლო სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების სექტორში 4 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი.

"მხოლოდ საწოლფონდი არ განსაზღვრავს ჩვენს რესურსს, რესურსს განსაზღვრავს ასევე ადამიანური რესურსი, რომლის მობილიზაციასაც აქვს გარკვეული ზღვარი". – ამბობს ტიკარაძე. 

24 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 111 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 კი გარდაიცვალა. სულ 18 526 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები