კორონავირუსი საფრანგეთში

საფრანგეთში საკარანტინო ზომების შემსუბუქება იგეგმება

Reuters

კვირის ბოლოს საფრანგეთში საკარანტინო ზომების შემსუბუქება იგეგმება. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თანახმად, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მეორე ტალღის პიკმა ჩაირა. შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში გაიხსნება სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები. თუმცა, ბარები და რესტორნები 20 იანვრამდე იქნება დაკეტილი.

მაკრონის თანახმად, შეზღუდვები მნიშვნელოვნად შემსუბუქდება 15 დეკემბრიდან. გაიხსნება კინოთეატრები და მოიხსნება შეზღუდვები ქვეყნის ფარგლებში გადაადგილებაზე, თუმცა აუცილებელია, რომ ინფიცირების ყოველდღიურმა შემთხვევების რაოდენობამ 5000-ს არ გადააჭარბოს. ორშაბათს საფრანგეთში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს მაჩვენებელი 28 სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალია.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ვაქცინების წარმატება იმედის მომცემია. პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთში ვაქცინაცია, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში დაიწყება.

20 იანვარის შემდეგ თუ ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალი იქნება, მდგომარეობა ხელახლა შეფასდება და რესტორნებსა და ბარებს, შესაძლოა, გახსნის უფლება მისცენ. უნივერსიტეტებში კი სააუდიტორიო მეცადინეობები განახლდება. თუმცა, თუ 20 იანვრის შემდეგ ეპიდმდგომარეობა კვლავ რთული იქნება, შეზღუდვები არ შემსუბუქდება.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მესამე ტალღისა და მესამე საყოველთაო კარანტინის თავიდან ასარიდებლად". – თქვა მაკრონმა.

დაწესებულებები, რომლებიც შეზღუდვების გამო დახურული რჩება, სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

საყოველთაო საკარანტინო ზომების შემსუბუქების შემდეგ დეკემბერში კომენდანტის საათი მაინც ძალაში დარჩება. ის 21:00-იდან 07:00-მდე იმოქმედებს. კომენდანტის საათი არ იმოქმედებს შობასა და ახალ წელს.

საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი ნოემბრის დასაწყისში ამოქმედდა. მოქალაქეების სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლოთ. მაგალითად, სამსახურში წასასვლელად, აუცილებელი პროდუქტების საყიდლად, სამედიცინო დახმარების მისაღებად.

პანდემიის დაწყების შემდეგ საფრანგეთში კორონავირუსის 2 153 815 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 50 237 ადამიანი.

კომენტარები