თბილისის მეტროპოლიტენი

კალაძე: მეტრო არ გაჩერდება, მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მეტროს არ გაჩერდება და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს. კალაძემ განმარტა, რომ მეტროსადგურებზე კონტროლდება მგზავრთა ნაკადი და მგზავრებისა და მეტროს თანამშრომლებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია.

დედაქალაქის მერის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მეტროპოლიტენის 25-მდე მემანქანეს კოვიდი დაუდასტურდა,  მეტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელორუსიდან ჩამოიყვანს.

"ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად მინსკთან, გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დადებული, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ჩამოვიყვანოთ ბელარუსიდან. მეტრო არ გაჩერდება, მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას." –თქვა კალაძემ.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენში ყველა რეკომენდაცია სრულდება და მემანქანეების კორონავირუსზე ტესტირების პროცესიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ საკოორდინაციო საბჭო დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე მსჯელობს.

"მე ჩემს რეკომენდაციებს ვსაუბრობ საკოორდინაციო საბჭოზე. მე გიდასტურებთ, რომ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში შეიზღუდოს". – თქვა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დამატებითი შეზღუდვების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.

გუშინ, 24 ნოემბერს, ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ შეზღუდვები მობილობის შემცირებისკენ იქნება მიმართული.

25 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 114 889 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 95 581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 085 კი გარდაიცვალა. სულ 18 197 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

 

კომენტარები