არჩევნები 2020

ვარშალომიძე: 29 ნოემბერს ბათუმში, მთავრობის სახლთან დაგეგმილია საინფორმაციო აქცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ვარშალომიძის თანახმად, კვირას, 29 ნოემბერს, 15:00 საათზე, ბათუმში, მთავრობის სახლთან დაგეგმილია საინფორმაციო აქცია. ვაშალომიძის თქმით, აქციაზე მოსახლეობას გააცნობენ შემდეგი კვირის გეგმას. აქციის შესახებ ენმ-ის წევრმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

ვარშალომიძემ თქმით, ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დაცვა და არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა არის "ხალხის დაკვეთა". ის ამბობს, რომ ხალხის მთავარი მოთხოვნა არის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელახალი არჩევნები და ცესკოს და უსკოს თავმჯდომარეების თამარ ჟვანიასა და პარმენ ჯალაღონიას შეცვლა.

ლევან ვარშალომიძემ აღნიშნა, რომ 8 ნოემბრის შემდეგ ბათუმის მთავრობის სახლთან უწყვეტი საპროტესტო აქციები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის კანდიდატსაც მეორე ტურებში უნდა მიეღო მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა. 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები