კორონავირუსი საქართველოში

986 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 452 – მართვით სუნთქვაზეა

კორონავირუსის 18 759 აქტიური შემთხვევიდან 986 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 461, აჭარაში - 155, იმერეთში - 219.

აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 452 პაციენტი, მათგან თბილისში - 188, აჭარაში - 139, იმერეთში - 42.

საავადმყოფოებში სულ 6 165 ადამიანი მკურნალობს, 3 920 ინფიცირებული კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 8 674 პირი - ბინაზე. 

26 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 118 960 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან  98 781 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 124 კი გარდაიცვალა. 

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები