ახლო აღმოსავლეთი

ზარიფი ირანის ბირთვული პროგრამის სპეციალისტის მკვლელობაზე: ისრაელის კვალი იკვეთება

ჯავად ზარიფი
Reuters

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი თეირანის მახლობლად ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობას ტვიტერზე გამოეხმაურა. 

"ტერორისტებმა დღეს ირანის წამყვანი მეცნიერი მოკლეს, ეს ლაჩრული თავდასხმა, რომელში ისრაელის კვალი იკვეთება, აჩვენებს თავდამსხმელების ომის წამქეზებელ განწყობებს. ირანი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას და, განსაკუთრებით, ევროკავშირს, ბოლო მოუღონ თავიანთ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას და დაგმონ სახელმწიფო ტერორიზმის ეს შემთხვევა", - წერია ზარიფის განცხადებაში. 

მოჰსენ ფახრიზადე, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი იყო ჩრდილოეთ ირანში, თეირანის მახლობლად მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს ადგილობრივი მედია .

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფახრიზადეს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც იგი პირად დაცვასთან ერთად გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ავტომობილი, რომლითაც იგი სარგებლობდა, დანაღმული იყო, ხოლო მანქანის აფეთქების შემდეგ ფარიზადეს რამდენჯერმე ესროლეს.

მოჰსენ ფახრიზადე ირანის ბირთვული პროგრამის მთავარ სპეციალისტად მიიჩნეოდა, სწორედ ფახრიზადე პასუხობდა ატომური ენერგიის სააგენტოს შეკითხვებს, ირანთან ბირთვული შეთანხმების მომზადების პროცესში.

ფახრიზადე თავის საჯარო გამოსვლაში რამდენჯერმე ახსენა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, მათ შორის 2018 წელს, როდესაც ნეთანიაჰუმ ებრაული სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ირანული ბირთვული პროგრამის საიდუმლო მასალების საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინა. "ფახრიზადე - დაიმახსოვრეთ ეს სახელი!",- თქვა მაშინ ნეთანიაჰუმ.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარზე უარი თქვეს ისრაელის პრემიერის ოფისში, კომენტარებისგან თავს იკავებენ ჯერჯერობით პენტაგონშიც. 

კომენტარები