ახალი კორონავირუსი საქართველოში

ქუთაისში ახალი კორონავირუსით ეპიდემიოლოგი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიდემიოლოგს კორონავირუსის დიაგნოზის პარალელურად თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

28 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 127 942 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 106 328 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 195 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID 19-ის 20 393 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან, საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. დამატებით რა შეზღუდვები წესდება ხვალიდან - სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები