აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი

ვოლსკი: კარასინის ინტერესია, ოპოზიციას დაძაბულობისთვის პირობები შეუქმნას

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით ჩანს, რომ გრიგორი კარასინს, რომელიც საქართველოსთან მოლაპარაკებებში რუსეთის სპეციალური წარმომადგენელია, ორი ინტერესი აქვს. 

როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი განმარტავს, ერთ-ერთი ინტერესი შეეხება იმას, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს შეუქმნას პირობები, რათა "სტრესი, დისბალანსი და დაძაბულობა" მუდმივად შეინარჩუნოს ქართულ პოლიტიკურ ველზე. 

"ამ შემთხვევას, რა თქმა უნდა, კარასინი არც ამ მოლაპარაკებების შემდეგ გაუშვებდა ხელიდან". – ამბობს გია ვოლსკი. 

დეპუტატი ამ საკითხზე ოპოზიციური ლიდერების გამოხმაურებებს "სპეკულაციებს" უწოდებს. 

"რეალობაში, ლოგიკურადაც რომ დავფიქრდეთ, რაში უნდა აწყობდეს ქართულ მხარეს თავის დადანაშაულება, ისედაც რთულ ვითარებაში. კარასინს აქვს სწორედაც ინტერესი, რომ თავის ქვეყანაში დუმას მოახსენოს, რომ ამ თემას ჯერ კიდევ არ ტოვებს უყურადღებოდ და დღის წესრიგში აქვს". – თქვა გია ვოლსკიმ. 

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის მორიგი შეხვედრა, ახალი კორონავირუსის გამო ონლაინ გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ "დადასტურდა ორმხრივი შემართება 2019 წლის ზაფხულის ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების გადალახვისათვის."

თუმცა, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები არ ყოფილა და "ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას პარლამენტთან აქცია მოჰყვა, სადაც რკინის ღობეზე სტენსილების დახატვის გამო ორი აქტივისტი, შუშანა მაცაბერიძე და ნათია ლეთოდიანი დააკავეს. ისინი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

კომენტარები