არჩევნები 2020

"იმოქმედე!" – ბათუმში მთავრობის სახლთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

IPN

ბათუმში ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ ლოზუნგით – "იმოქმედე!" აქციის მონაწილეების მოთხოვნები ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა. ისინი ასევე აპროტესტებენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებსაც.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, მათ შექმნეს "თავისუფლების კვარტალი", სადაც დაიწყება გარე ვაჭრობა. მათივე ორგანიზებით, აქტივისტები მოქალაქეებს, რომლებსაც მუნიციპალური სერვისები არაჯეროვნად მიეწოდებათ, საკუთარი რესურსით დაეხმარებიან. 

"ეს არის ყველაზე თავისუფალი ადგილი, ალბათ საქართველოში, სადაც ე.წ კომენდანტის საათის მიუხედავად, 24-საათიანი პროტესტი გრძელდება. ეს არის ადგილი, სადაც გაიხსნება სახალხო მერია და ყველა ადამიანს, ვისაც მუნიციპალური სერვისები არაჯეროვნად მიეწოდება, აქ ჩვენი აქტივისტები მათ დაეხმარებიან. იმ ხალხს, ვისაც 112 არ პასუხობს, საკუთარი ავტომობილებით მოემსახურებიან და გადაიყვანენ მათ საავადმყოფოებში, ტესტირებაზე და ასე შემდეგ. 

აქ დაიწყება გარე ვაჭრობა და ის შეზღუდვები, რომლებიც მთავრობამ დაგვიწესა, აქ, "თავისუფლების კვარტალში" არ იმოქმედებს". – თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

აქციის პარალელურად, აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის დანაყოფები. 

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

ამასთან, მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები