კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მარტი-აპრილისთვის ჩვენთან ვაქცინაცია დაიწყება, შეგვეძლება ვაქცინის არჩევა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში, დაახლოებით, მარტი-აპრილის თვეებში იქნება ხელმისაწვდომი. 

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის კითხვებზე პასუხისას, ისაუბრა. ჟურნალისტებმა NCDC-ის ხელმძღვანელს ჰკითხეს, რა მდგომარეობაა ვაქცინის შემოტანის კუთხით საქართველოში, ვინაიდან რამდენიმე ქვეყანა უკვე წლის ბოლოსთვის აანონსებს ვაქცინაციის დაწყებას. 

კითხვის პასუხად, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ძირითადად, ის ქვეყნები აანონსებენ ვაქცინაციის დაწყებას, რომლებიც თავად მუშაობენ მის შექმნაზე. ასეთი ქვეყნებია აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. 

"ჯერჯერობით, ამ ეტაპზე არცერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული არც FDA-ის მიერ, არც ევროპის წამლის სააგენტოსა და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამას, ჯერჯერობით, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის, 15-დან 20-მდე პერიოდში ელოდებიან. 

თუმცა, არსებობს ე.წ დამტკიცების ფორმა ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციებს აქვთ ასეთი ფორმა, რომლებმაც, შესაძლოა, ვაქცინას მისცენ მწვანე გზა დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ. ამიტომ, შესაძლებელია, რომ ამ ჩამოთვლილმა ქვეყნებმა ვაქცინაცია წლის ბოლოს დაიწყონ". – თქვა ამირან გამყრელიძემ. 

რაც შეეხება საქართველოს, როგორც ცნობილია, ქვეყანა Covax-პლატფორმასთან თანამშრომლობს და მთავრობის ცნობით, მათ უკვე აქვთ შეკვეთილი ვაქცინის 700 000 დოზა. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, პლატფორმამ საქართველოს თანხის წინასწარი შეტანისას კარგი პირობები შესთავაზა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ქვეყანას შეეძლება, თავად აირჩიოს, რომელი ვაქცინა სურს. 

"ჩვენ რომ გადავიხადეთ 4-ნახევარი მილიონი, ცოტა მეტი გადავიხადეთ, მაგრამ პირობა იყო, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. ანუ, რასაც გვიკარნახებენ, იმას კი არ შემოვიტანთ, არამედ ავირჩევთ". – თქვა ამირან გამყრელიძემ. 

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმითვე, სააკორდინაციო საბჭოს აქვს დავალება, რომ იმუშაონ პირდაპირ შესყიდვებზე. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, გარდა Covax-პლატფორმისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რამდენიმე კომპანიასთან პირდაპირ შესყიდვასთან დაკავშირებითაც თანამშრომლობს. 

"პარასკევსაც დიდი ტელეკონფერენცია გვქონდა ასტრა ზენეკასთან და ოქსფორდის ვაქცინასთან და მათთან პირდაპირ შესყიდვასთან. ასევე, ჩვენი საელჩოების მეშვეობით რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ იმაზე, რომ გარკვეული დოზები, როგორც კი დაიწყება, სხვა ქვეყნებში ვაქცინაცია, ასევე შესაძლებელი იყოს [ჩვენთანაც]". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

კომენტარები