არჩევნები 2020

"აუცილებლად შევხვდებით რიჟვაძეს" – ბათუმში მთავრობის სახლთან ოპოზიცია აქციებს აგრძელებს

ფორმულა

ბათუმის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მოთხოვნა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრაა. მთავრობის სახლში არ შეუშვეს ენმ-დან ფრაქციის ხელმძღვანელი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ელგუჯა ბაგრატიონიც.

"უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, რომლებსაც კანონმდებლობა აძლევს უფლებას ნებისმიერ სამთავრობო შენობაში შევიდნენ, მათ შორის, დაუბრკოლებლად შეხვდნენ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, ვგულისხმობ ელგუჯა ბაგრატიონს, რომელიც არის ფრაქციის ხელმძღვანელი აჭარის უმაღლეს საბჭოში. სამწუხაროდ, კანონს არღვევინებენ პოლიციას და რიჟვაძის ბრძანებით, პოლიცია გადაუდგა წინ ელგუჯა ბაგრატიონს, არ მისცა შენობაში შესვლის უფლება. 

თუ თორნიკე რიჟვაძე არ ხვდება მოქალაქეს, დეპუტატებს არ აძლევს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას, რა დაგვრჩენია ჩვენ? ჩვენ აუცილებლად შევხვდებით თორნიკე რიჟვაძეს, ოღონდ შევხვდებით სამუშაო კაბინეტში შესვლამდე. დავხვდებით სამივე შესასვლელში და იქ მოვთხოვთ პასუხს იმ პრობლემებზე, რომლებიც ხალხს აწუხებს". – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი კირთაძე.

ბათუმში ოპოზიციისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები უკვე არაერთი დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. გუშინ, 29 ნოემბერს ბათუმში აქცია ჩატარდა ლოზუნგით "იმოქმედე!" აქციის მონაწილეების მოთხოვნები ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა. ისინი ასევე აპროტესტებენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებსაც.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, მათ შექმნეს "თავისუფლების კვარტალი", სადაც დაიწყება გარე ვაჭრობა. მათივე ორგანიზებით, აქტივისტები მოქალაქეებს, რომლებსაც მუნიციპალური სერვისები არაჯეროვნად მიეწოდებათ, საკუთარი რესურსით დაეხმარებიან.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

ამასთან, მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები