კორონავირუსი საქართველოში

შრომის ინსპექცია: მეყვავილეებს შეუძლიათ, საქმიანობა ონლაინ განაგრძონ

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ქვეყანაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ისაუბრა. 

ფერაძის თქმით, შეზღუდვების დაწესების შემდეგ საქმიანობის უფლება 4 194 ობიექტს შეუჩერდა. დიდი ალბათობით, ამ დაწესებულებებს შორის არიან ყვავილის მაღაზიები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის, დღეს უნივერსიტეტის ქუჩაზე ყვავილებით მოვაჭრე მოქალაქეების ნაწილმა შეზღუდვების გასაპროტესტებლად გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადა. 

ჟურნალისტის მიერ მეყვავილეების საქმიანობის შესახებ დასმულ კითხვაზე, ფერაძე პასუხობს, რომ მათ საქმიანობის უფლება არ ჩამოერთვათ, არამედ შეეზღუდათ. "რაც შეეხება საცალო საბითუმო ვაჭრობას, მთავრობის დადგენილებით იქნა შეზღუდული მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობები, თუმცა, მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის შეზღუდვა და არა აკრძალვა. ეს ნიშნავს, რომ მათ დისტანციურად, ონლაინ შეუძლიათ, განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობა, ეს არ არის აკრძალული". – ამბობს ფერაძე. 

ფერაძის თქმით, მსგავსი შეზღუდვები მთელ მსოფლიოში წესდება და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე. 

საქართველოს მთავრობამ ახალი მასშტაბური შეზღუდვების შესახებ წინა კვირას გამოაცხადა. ახალი შეზღუდვების ფარგლებში ნებადართულია პირველადი მნიშვნელობის ეკონომიკური საქმიანობა. რესტორნებსა და კაფეებს კი მხოლოდ გატანის სერვისის გამოყენებით შეუძლიათ მუშაობა, დაიხურა სავაჭრო ცენტრები და გაჩერდა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა. 

კომენტარები