ბიუჯეტი

საჯარო სექტორის ხელფასები 60 მილიონით იზრდება – რაზე დაიხარჯება რეკორდული ბიუჯეტი

საქართველოს მთავრობა

მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. კანონპროექტის მიხედვით, მომდევნო წელს ქვეყნის ბიუჯეტი რეკორდულ 18.4 მილიარდ ლარს გაუტოლდება. 

ამავე დოკუმენტის თანახმად, მთავრობის ხარჯები, მიმდინარე წელთან შედარებით, 2.5 მილიარდი ლარით იზრდება. გაზრდილი ხარჯების ფინანსირების მთავარი წყარო კი წლევანდელის მსგავსად ახალი საგარეო ვალი იქნება. 

მთავრობის გეგმის მიხედვით, მომდევნო წელს ქვეყანა 5.2 მილიარდ ლარს ისესხებს. ახალი ვალის დიდი ნაწილი მთავრობის მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისა [1.4 მილიარდი ლარი] და ბიუჯეტის კრედიტების მხარდაჭერისთვის [2 მილიარდი ლარი] არის გათვალისწინებული. 

ყველაზე მეტი დაფინანსება, წინა წლების მსგავსად, მომდევნო წელსაც კვლავ ჯანდაცვის სამინისტროსთვის იქნება განკუთვნილი. უწყების ბიუჯეტი, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 50 მილიონი ლარით იზრდება და ჯამურად 5.5 მილიარდს გადააჭარბებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რეკორდული ეკონომიკური ვარდნის მიუხედავად, არათუ არ მცირდება, არამედ იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის მოცულობა. შედარებისთვის, თუ მიმდინარე წელს ჯამურად შრომის ანაზღაურებაზე 1.55 მილიარდი ლარი დაიხარჯა, მომდევნო წელს იგივე მაჩვენებელი 1.61 მილიარდს გაუტოლდება. 

ცალკეული მიმართულებების მიხედვით, ბიუჯეტი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 5.5 მილიარდი ლარი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 2.4 მილიარდი ლარი;
  • თავდაცვის სამინისტრო – 900 მილიონი ლარი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 790 მილიონი ლარი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 470 მილიონი ლარი;
  • გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 464 მილიონი ლარი;
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 264 მილიონი ლარი;
  • იუსტიციის სამინისტრო – 247 მილიონი ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 174 მილიონი ლარი;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – 138 მილიონი ლარი;
  • ფინანსთა სამინისტრო – 89 მილიონი ლარი;

 

 

კომენტარები