NATO-საქართველო

ჰოჯესი: გვაქვს NATO-ში ქვეყნის მიწვევის პრეცედენტი, რომლის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული

ბენ ჰოჯესი
Stripes.com

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ანალიტიკური ორგანიზაციის "ჯეოქეისის" მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობაზე.

"საქართველო ნატოში ახლავე უნდა მივიწვიოთ. გვაქვს პრეცედენტი, დასავლეთ გერმანია ნატოში გაწევრიანდა, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიაში მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი იყო. არსებობს ნატოში ქვეყნის მიწვევის პრეცედენტი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული". – თქვა მან.

ჰოჯესის აზრით, საჭიროა სამხედრო წვრთნების გაძლიერებაც. მან მაგალითად მოიყვანა უკრაინაში საზღვაო წვრთნები, ღირსეული პარტნიორის საწვრთნელი პროგრამის ფარგლებში ჩატარებული წვრთნები, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, და რუმინეთში, უნგრეთსა და ბულგარეთში ჩატარებული წვრთნები. მისი თქმით, ეს წვრთნები მასშტაბით რუსეთის მიერ "კავკასია 2020"-ის ფარგლებში ჩატარებულ წვრთნებს უნდა გაუტოლდეს, ერთობლივი და მრავალეროვნული გახდეს.

"ამ მასშტაბის წვრთნები, სულ მცირე, 2 წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს. ეს აჩვენებს, რომ დასავლეთი ამ რეგიონზე ზრუნავს". – თქვა მან.

მას ასევე სურს, ინვესტიცია მოხდეს საქართველოს სამხედრო სტრუქტურებშიც. ჰოჯესმა მაგალითისათვის მოიყვანა რუმინეთში არსებული საჰაერო ბაზა, რომლის მსგავსიც, სურს, რომ საქართველოში იხილოს.

მან ასევე ისაუბრა ანაკლიის პროექტზე და თქვა, რომ ეს კრემლს არ სურს, მაგრამ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია:

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ანაკლიის პროექტი რეალურად ვერ დაიწყო. ვიცი, რომ არის პრობლემები, მაგრამ საქართველო სერიოზულად რომ ეკიდებოდეს ეკონომიკურ პრობლემებს, საქართველოს რომ სერიოზულად სურდეს იქცეს პორტალად დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ანაკლია თუ უკვე ამუშავებული არა, აშენების გზაზე მაინც იქნებოდა. ეს უკანასკნელი რამაა, რაც კრემლს სურს. კრემლს არ უნდა დიდი დასავლური ინვესტიცია საქართველოში, რადგან არ სურთ დასავლეთი აქცევდეს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ მათ კვლავ ოკუპირებული აქვთ საქართველოს 20% და ერევიან დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობაში. მათ არ სურთ, რომ მათ საკუთარ პორტებს გვერდი აუქციონ". – თქვა ჯოჰესმა.

ამავე თემაზე:

კომენტარები