აქტივისტების დაჯარიმება

ორი აქტივისტის დაჯარიმების შემდეგ ხოშტარიამ ივანიშვილის ბიზნესცენტრთან წარწერა გააკეთა

ორი აქტივისტის 1 000 - 1 000 ლარით დაჯარიმების შემდეგ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან წარწერა -"გამყალბებელი" დატოვა.

ხოშტარიამ წარწერა ტელეკომპანია მთავარის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

"ადამიანებმა ხო იციან, რომ ეს არ არის კულტურული ძეგლი. პირიქით, მეტს გეტყვით, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის დარღვევის ადგილი, რადგან აქ მართლა კულტურული მემკვიდრეობის ზონაა და ეს ააშენეს, რადგან ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, თავად ეს მთელი - მისი სახლიც, თაბორიც რომ იყიდა თავის დროზე, ეს ყველაფერი არის, რაზეც ჩვენი გული ძგერს, რაც ჩვენ გვაინტერესებს, რასაც ჩვენ ვუფრთხილდებით.

კულტურულ მემკვიდრეობას ყველა უფრთხილდება, ოღონდ მე რაზეც ბიძინა მეტყვის, ეს არის კულტურული მემკვიდრეობაო, ვერ გახდება ეს ასე, რადგან მას უნდა. რამდენიც არ უნდა დაგვაჯარიმონ, მაინც დავწერთ, ვიბრძოლებთ, გავაკეთებთ, შევასრულებთ. შეუძლებელია ამის დამარცხება ისეთი ფარსით, რაც ქნა ივანიშვილმა". – თქვა ელენე ხოშტარიამ წარწერის გაკეთების შემდეგ.

გუშინ, 1 დეკემბერს, ორი აქტივისტი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, სამანქანო გვირაბში გაკეთებული წარწერისთვის 1 000 - 1 000 ლარით დააჯარიმეს. მათ იქ "ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი" დაწერეს.

ერთ-ერთი აქტივისტის, თამთა გოგოლაძის თქმით, პოლიციამ გვირაბი კულტურული მემკვიდრეობის ზონას მიაკუთვნა და დაჯარიმების მიზეზიც ეს გახდა.

კომენტარები