გაზრდილი კრიმინალი

შსს: კლდიაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვნის დაჭრისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 1-ელ დეკემბერს, კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის გამო, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ქ. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 2004 წელს დაბადებულ კ.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. ამ დროისთვის, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება". – წერია უწყების განცხადებაში. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

კომენტარები