იუსტიციის სამინისტრო

იუსტიცია 25-ლარიან ვაუჩერზე: ვწუხვართ, თუ ვინმესთვის ამ ფორმით მილოცვა დასაცინი გახდა

"წუხილს გამოვთქვამთ, თუკი ვინმესთვის ჩვილის დაბადების ამ ფორმით მილოცვა, არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დასაცინი გახდა". – ასე ეხმაურება იუსტიციის სამინისტრო ჩვილებისთვის 25-ლარიანი ვაუჩერის გადაცემაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე საზოგადოების რეაქციას. 

"კიდევ უფრო სამწუხარო და სამარცხვინოა ეს პროცესი მაშინ, როდესაც საქმე ეხება სოციალურად დაუცველ ახალშობილებს, რომლებისთვისაც უკვე მეოთხე წელია, იუსტიციის სახლი "გეფასთან" ერთად გასცემს საჩუქრებს. დღემდე, მოქმედი პროექტით 15000 პირმა უკვე ისარგებლა. გუშინ კი იუსტიციის სახლმა სს "გეფასთან" განაახლა მემორანდუმი და პროექტი, რომელიც 2016 წლიდან დღემდე მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო გახდა.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ინფორმაცია სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა და "ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა პროექტის დისკრედიტაცია სცადეს."

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, 25-ლარიანი ვაუჩერი არის ერთ-ერთი კომპონენტი სასაჩუქრე პაკეტთან ერთად და ის არის არა დახმარება, არამედ საჩუქარი კერძო სექტორისა და იუსტიციის სახლისგან იმ მშობლებისა და ბავშვებისთვის, ვინც იუსტიციის სახლში დაბადების მოწმობის ასაღებად მივა.

იუსტიციის სამინისტრომ 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერის გადაცემის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 1-ელ დეკემბერს გაავრცელა.

კომენტარები