კორონავირუსი საქართველოში

რა შემთხვევაში შეიძლება გადამოწმდეს ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის პასუხი PCR ტესტით

1 თებერვლამდე საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, გაიზრდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების მაჩვენებელი, რომელზე პასუხიც 15-20 წუთში იქნება. მან აღნიშნა, რომ ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის დიაგნოსტიკური მნიშვნელობა გაუთანაბრდა PCR-ისას ანუ გაზაფხულისა და ზაფხულისგან განსხვავებით, აღარ ექვემდებარება გადამოწმებას.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ სწრაფი ტესტის გადამოწმება ექიმის გადაწყვეტილებით მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს:

  • თუ არის უსიმპტომო ადამიანი, ანტიგენი არის დადებითი და ექიმი თვლის, რომ საჭიროა გადამოწმება PCR ტესტით;
  • თუ არის კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოხატული, და ანტიგენი არის უარყოფითი, ისევ ექიმის დანიშნულებით შეიძლება გადამოწმდეს;

"მაგრამ თუ არის სიმპტომებიანი ადამიანი და ანტიგენი დადებითია, მას გადამოწმება აღარ სჭირდება, პაციენტი იმართება იმ პროტოკოლით, როგორც ოქროს სტანდარტით, ანუ პისიარით". - ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში PCR და სწრაფი ტესტის ყოველდღიური რაოდენობა 20 000 იქნება და "ვეცდებით, კიდევ 25 000-მდე ავიდეთ". მან აღნიშნა, რომ ამით "მაქსიმალურად გამოვავლენთ მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებს და მოხდება დროული იზოლირება".

2 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 143 376 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 121 621 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 342 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის 20 387 აქტიური შემთხვევაა.

სამი თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები