არჩევნები 2020

პაპუაშვილი ოპოზიციას: დაივიწყონ თავმოყვარეობა და პასუხისმგებლობით მიიღონ გადაწყვეტილება

შალვა პაპუაშვილი

ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, დაივიწყონ თავმოყვარეობა და პარლამენტში შესვლის საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდონ. ამის შესახებ პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მოსაზრებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის უკვე საკმარისად არის გაცვლილი და ახლა საჭიროა, ყველა პოლიტიკოსმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღოს. 

"ეს დიალოგი არის იმ ფაზაში, რომ მომწიფებული არის გადაწყვეტილების მიღებისთვის და საჭიროა ახლა, რომ ყველა მხარე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ ყველაფერს. მათ შორის, დაივიწყონ, სავარაუდოდ, თავმოყვარეობის საკითხები, რომელზეც შეიძლება ფიქრობდნენ. იმასთან დაკავშირებით, რომ რახან თქვეს ერთხელ, რომ არ შევალთ და ამის გადათქმა უჭირთ. იფიქრონ საკუთარ მოსახლეობაზე, იფიქრონ იმ სიტუაციაზე, პანდემიის კუთხით რაც არსებობს ქვეყანაში და ის, რომ საჭირო არის ამ დროს იყოს ფუნქციონირებადი პარლამენტი და ამ პასუხისმგებლობით და ამ გადმოსახედიდან მიიღონ გადაწყვეტილება". – ამბობს პაპუაშვილი. 

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა. ოპოზიციის საერთო მოთხოვნები უცვლელია: თამარ ჟვანიას გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო.

    კომენტარები