კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე კლინიკაში მოხვედრას ნაცნობობით და ცნობადობით არ გამორიცხავს: საქართველოში ვართ

"საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ვერ გამორიცხავთ ამ ფენომენს, ვიღაც ვიღაცას მეტ ანგარიშს უწევს ან ახლობლობით, ან იმიტომ, რომ ის დამსახურებული, ცნობადი პიროვნებაა, თქვენ რა გგონიათ, მსოფლიოში არ არის ეს ფენომენი? ყველგან არის". – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ Palitranews-ის ეთერში თქვა. 

მისი თქმით, პროტექციონიზმი ყველგან არსებობს და სავარაუდოდ, საქართველოშიც არის მსგავსი შემთხვევები, როცა პაციენტები ნაცნობობით ხვდებიან კლინიკაში.

"რაც უფრო ცივილიზებული სახელმწიფოა, რაც უფრო კანონმორჩილი და დიდი ტრადიციები აქვთ დემოკრატიის, იქ უფრო ნაკლებია, თორემ ყველგან არის, პროტექციონიზმი რა ამერიკაში არ არის, გგონიათ? ყველგან არის. მასიური ხასიათი ამას არ აქვს, განსაკუთრებით ჩვენთან. მე პირადად გამოვირჩევი იმით, რომ ჩემთვის არ არსებობს პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული პიროვნება, რომელიც ვთვლი, რომ იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას". – ამბობს ცერცვაძე. 

2 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 143 376 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 121 621 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 342 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის 20 387 აქტიური შემთხვევაა.

სამი თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

კომენტარები