გამყრელიძე: ვფიქრობთ, ვაქცინაცია მარტ-აპრილში დაიწყება, ის უფასო იქნება

NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ქვეყანაში ახალ კორონავირუსზე ვაქცინაცია მარტ-აპრილში დაიწყება.

გამყრელიძის თქმით, საქართველოს Covax-თან უკვე აქვს გაფორმებული კონტრაქტი 1 400 000 დოზა ვაქცინის მიღებაზე, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, რომელი წარმოების ვაქცინას მივიღებთ, იქნება ეს ბრიტანული, ამერიკული, იტალიური, გერმანული, თუ სხვა.

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ვაქცინის მისაღებად პირველი შენატანი უკვე გადარიცხულია და ეს, დაახლოებით, 4 მილიონი დოლარია.

"შესაბამისად, 1 400 000 დოზისთვის გამოყოფილია 17 მილიონი დოლარი, რომელიც ქვეყანამ უნდა გადაიხადოს ამ ვაქცინის ან ვაქცინების შესაძენად". – ამბობს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება. გამყრელიძის ცნობით, 1 400 000 დოზა, დაახლოებით, 700 000 ადამიანის ასაცრელი რაოდენობაა.

დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც Pfizer/BioNTech-ის წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცეს. ასევე, ამერიკაში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება რამდენიმე კვირაში დაიწყება.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ჯერჯერობით, ახალი კორონავირუსის არცერთი ვაქცინა არ დაუმტკიცებია.

ამავე თემაზე

კვლევის საბოლოო შედეგები Moderna-ს ვაქცინის 94%-იან ეფექტიანობას ადასტურებს

Pfizer-მა Covid-19-ის ვაქცინის გამოცდა 95%-იანი ეფექტიანობით დაასრულა

ოქსფორდის უნივერსიტეტის COVID-19-ის ვაქცინა 70%-ით ეფექტიანია

 

3 დეკემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 147 636 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 124 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 387 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 027 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 390 ადამიანი მართვით სუნთქვაზეა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები