ეთიოპია

გაერო და ეთიოპიის მთავრობა ტიგრაის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე შეთანხმდნენ

გაერო და ეთიოპია ტიგრაის რეგიონში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისა და მიგრანტებისათვის დახმარების შეტანაზე შეთანხმდნენ. განცხადება გაეროს წარმომადგენლებმა გააკეთეს, თუმცა ეთიოპიის მთავრობას ოფიციალურად არ დაუდასტურებია. რეგიონი ბლოკადაში იყო. გათიშული იყო კომუნიკაციის ხაზები. ამის გამო ვერ ხერხდებოდა დაზარალებულებისათვის სამედიცინო დახმარებისა და საკვების მიწოდება. გაეროს წარმომადგენლების თქმით, რეგიონში არსებულ მიგრანტთა თავშესაფრებში, სადაც ასობით ათასი ადამიანი აფარებს თავს, საკვები და მედიკამენტები თითქმის სრულად გათავდა.

ტიგრაის რეგიონში მიმდინარე დაპირისპირებისას ასობით ადამიანი დაიღუპა. ზუსტი მონაცემები ამ დროისათვის უცნობია, რადგან რეგიონში მუშაობა შეზღუდული აქვთ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა აბი აჰმედმა გამოაცხადა, რომ მათ რეგიონის ცენტრალური ქალაქი მეკელე აიღეს და ახლა ტიგრაის სახალხო გამათავისუფლებელი ფრონტის ლიდერებს აკავებენ. ცენტრალურ მთავრობაში თქვეს, რომ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, რეგიონული პარლამენტის ყოფილი სპიკერი, კერია იბრაჰიმი უკვე ჩაბარდა. ტიგრაის სახალხო გამათავისუფლებელ ფრონტში ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ისინი ამბობენ, რომ ბრძოლა კვლავ გრძელდება.

კონფლიქტის გამო საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა ათობით ათას ადამიანს. მათ თავი სუდანს შეაფარეს, სადაც მიგრანტთა თავშესაფრებში რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება.

ამავე თემაზე:

კომენტარები