უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

"ჩემი კარიერა თავბრუდამხვევად განვითარდა" - დიმიტრი გვრიტიშვილი თავის ავტობიოგრაფიაში

დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დიმიტრი გვრიტიშვილის ხელნაწერი ავტობიოგრაფია გავრცელდა, სადაც ის თავის კარიერული განვითარების წლებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "მისი კარიერა თავბრუდამხვევად განვითარდა". 

როგორც გვრიტიშვილი წერს, 2005-2007 წლებში ის თბილისის მერიაში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 

"ბოლოს ვიყავი იურიდიული სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსიც". – წერს გვრიტიშვილი. 

მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ ის საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა, შემდეგ კი როგორც გვრიტიშვილი მიიჩნევს, იწყება მისი კარიერის თავბრუდამხვევი განვითარება.

  • 2008 წელს ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გახდა
  • 2012 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
  • 2017 წლიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე

გვრიტიშვილი თავის ავტობიოგრაფიას კარიერულ ოცნებაზე საუბრით ამთავრებს და წერს, რომ მისი სურვილია, გახდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 

"მსურს, გავხდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. აბსოლუტურად მესმის, რამხელა გამოწვევაა, მაგრამ მივიჩნევ, რომ ადამიანი არ უნდა შეჩერდეს, მუდამ ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე და არც სიძნელეებს შეუშინდეს. მაქვს საკუთარი თავის იმედი, რომ გავართმევ თავს. ეს ყოველთვის იყო ჩემი ოცნება და კარიერის პიკი". – წერს გვრიტიშვილი.

2020 წლის პირველ დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატად 22 პირი დარეგისტრირდა, ერთ-ერთი კი დიმიტრი გვრიტიშვილია. 

კომენტარები