არჩევნები 2020

ბოკერია: "ოცნების" პასუხის საკვანძო ნაწილი ახალი არჩევნების ჩატარების მომზადებაზე უნდა იყოს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

"ქართული ოცნების პასუხის საკვანძო ნაწილი უნდა იყოს პასუხი ახალი არჩევნების ჩატარების მომზადებაზე". - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია.  

ბოკერიას თქმით, ოპოზიციის შეთავაზების მთავარი ნაწილი ახალი არჩევნების მომზადებას ეხება, მისივე თქმით, ახალი არჩევნების საკითხზე შეთანხმების გარეშე კრიზისის განმუხტვა ოპოზიციისთვის წარმოუდგენელია.

"ბოიკოტის თემა დღეს პრინციპული და სრული თანხმობის საგანია ოპოზიციას შორის, იმიტომ, რომ ამ არჩევნების შედეგებმა არ გამოხატა უმრავლესობის აზრი. ამიტომ არის ბოიკოტი. ვინმეს თვითმიზანი არ არის, რომ ბოიკოტი კარგია, ან პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა არის კარგი. ცუდია, ოღონდ ამის ალტერნატივა არის საქართველოს იმ ქვეყნების რიგში ჩაყენების დაშვება, სადაც არჩევნებს აზრი არ აქვს. 

ჩვენი შეთავაზების საკვანძო ნაწილი არის ახალი არჩევნების მომზადება. ამიტომ, თუ ამ საკითხზე ხერხდება შეთანხმება, ამის გარეშე კრიზისის განმუხტვა ჩვენთვის წარმოუდგენელია, მერე ვისაუბრებთ, ამ ახალი არჩევნების პირობებში ტექნიკურად როგორ შესრულდება იმ შეთანხმების სხვა ნაწილები, რომლებიც საკვანძოა იმისთვის, რომ ეს ახალი არჩევნები ნორმალური არჩევნები იყოს, არა ისეთი, როგორიც ჩატარდა". - ამბობს გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

გუშინ, 4 დეკემბერს, ოპოზიციის წევრებმა ელჩებს საკუთარი ხედვა ოფიციალური წერილობითი ფორმით გადასცეს. ლიდერების თქმით, მათი თხოვნა იყო, ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ ქართულ ოცნებას და იმავეს ელიან მმართველი პარტიისგანაც.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები