სომხეთი

სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება, ასობით მომიტინგემ ქუჩები გადაკეტა

სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. სომხეთის დედაქალაქში ასობით მომიტინგემ ქუჩები გადაკეტა მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღის შეთანხმების გამო გადადგომის მოთხოვნას არ გამოეხმაურა. 

5 დეკემბერს ერევანში ოპოზიციამ და დემონსტრანტებმა პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ულტიმატუმი წაუყენეს. ფაშინიანის გადადგომისთვის დრო სამშაბათამდე, 8 დეკემბრამდე მისცეს

"სომხეთი ნიკოლის გარეშე" - ერევანის ქუჩებში გაიძახოდნენ მომიტინგეები. 

8 დეკემბერს ოპოზიციური, სომხეთის რევოლუციური ფედერაციის პარტიიდან, იშხან საგატელიანმა, დააანონსა კოორდინირებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა.

"ნიკოლ, შენ ყველა შემთხვევაში წახვალ. წადი მშვიდობიანად". – თქვა მან. 

ოპოზიცია გეგმავს ქუჩების ბლოკირებას, საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო ქსელის პარალიზებას. 

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორის, არტურ ვანეციანის თანახმად, 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოაყენა ყოფილი პრემიერი ვაზგენ მანუკიანი. მანუკიანის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში ის ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, რომელშიც თვითონ მონაწილეობას არ მიიღებს.

ოპოზიცია და დემონსტრანტები ფაშინიანის გადადგომას ყარაბაღის შეთანხმების გაფორმების გამო ითხოვენ. 10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო. რეგიონში ასევე განლაგდებიან რუსი სამშვიდობოები.

რუსეთმა უკვე დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

სომხეთის მიერ განცხადების ხელმოწერას ქვეყანაში საპროტესტო აქციები და არეულობა მოჰყვა. 10 ნოემბერს მომიტინგეები მთავრობის შენობაში და პარლამენტში შეიჭრნენ. ოპოზიციამ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

ფაშინაინს გადადგომის ულტიმატუმი 11 ნოემბერს გამართული აქციაზეც წაუყენეს. პროტესტის მონაწილეებმა ფაშინიანს გადადგომისათვის დრო შუაღამემდე მისცეს, თუმცა მან ულტიმატუმის შესრულებაზე უარი თქვა.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები