არჩევნები 2020

ელისაშვილი: ბოკერიას პარტიას მოლაპარაკებების ჩაშლა სურს, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ

droa.ge

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ევროპული საქართველო ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით ქართულ ოცნებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს. 

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა Facebook მიმართვაში ისაუბრა. 

"ბოკერიას პარტია ამ შეხვედრებზე დადის მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი. საბოტაჟით არიან დაკავებულნი. რატომ იცით? იმიტომ რომ, ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ამიტომ უნდა არიონ ყველაფერი. თავი მოეჭრა ერთს ზუგდიდში, მეორეს ფოთში. ფოთში წავიდა ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში. რა ეგონა არ ვიცი. უნდათ ყველაფერი ჩაშალონ და მე არ მინდა ჩავშალო". – ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

მოქალაქეების ლიდერი, სავარაუდოდ, გიგა ბოკერიას 8 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც თქვა, რომ ქართულ ოცნებასთან მორიგი შეხვედრის შემდეგ ის მოლაპარაკებებს დეტალებს გაასაჯაროებს. აქამდე ოპოზიციური ლიდერები მოლაპარაკებების დეტალებზე არ საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ფასილიტატორების, საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების მოთხოვნა იყო. 

ამ დრომდე ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. მათ შორის კიდევ ერთი შეხვედრა დღეს, ან ხვალ, 10 დეკემბერს გაიმართება. 

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

კომენტარები