COVID-19-ის ვაქცინა

კანადაში Pfizer-ის COVID-19-ის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცეს

კანადის ჯანდაცვის სისტემის მარეგულირებელმა სააგენტომ Pfizer-ის COVID-19-ის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა. სააგენტოს თანახმად, ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოებასთან, ეფექტიანობასთან და ხარისხთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს თქმით, კანადა ამ თვეში ვაქცინის 249 000 დოზას მიიღებს. მთლიანობაში კანადის მთავრობამ ვაქცინის 20 მილიონი დოზა შეისყიდა, რაც 10 მილიონი ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი. საჭიროების შემთხვევაში კანადას შესაძლებლობა ექნება, დამატებით 56 მილიონი დოზა შეისყიდოს.

პირველ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულები და მაღალი რისკჯგუფები ჩაერთვებიან. ვაქცინა გამოყენებისთვის 16 წელს ზემოთ ადამიანებისთვის დამტკიცდა.

პირველი ქვეყანა, რომელშიც Pfizer-ის შემუშავებული ვაქცინა დაამტკიცეს დიდი ბრიტანეთია. ვაქცინა პირველმა 90 წლის ქალმა, მარგარეტ კენანმა გაიკეთა.

ვაქცინის გამოცდის კვლევების თანახმად, Pfizer-ის და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია.

კომენტარები