აშშ-თურქეთი

Reuters: აშშ თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენის გამო სანქციების დაწესებას აპირებს

აშშ თურქეთისთვის რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შეძენის გამო სანქციების დაწესებას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთაგანაც ორი აშშ-ს ოფიციალური პირია. 

რამდენიმე წყარომ თქვა, რომ სანქციების დაანონსებას პარასკევს ელიან. ერთის თანამხად კი, სანქციები შესაძლოა ნებისმიერ დღეს დაანონსდეს, მათ შორის, ხუთშაბათს. 

მათ თანახმად, სანქციებით მიზანში ამოიღებენ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის თავმჯდომარეობას და მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირს.

სიახლეს უკვე გამოეხმაურნენ თურქეთში. ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, სანქციები ავნებს NATO-ს ორი წევრის ურთიერთობას. 

"სანქციები მიზანს ვერ მიაღწევს და ეს იქნება კონტრპროდუქტიული. ეს ურთიერთობას ავნებს. თურქეთს სურს ამ პრობლემების დიპლომატიით და მოლაპარაკებებით მოგვარება. ჩვენ არ მივიღებთ სანქციების ცალმხრივ დაწესებას," – თქვა მან. 

Reuters-ის წყაროების თქმით, სანქციები გარდაუვალი იყო, აშშ-ს მოთმინების ფიალა აევსო და როგორც იქნა, მოქმედებსითვის მზადაა. აშშ დიდხანს ელოდა თურქეთის გადაწყვეტილების შეცვლას და კანონით სავალდებულო სანქციებზე აფრთხილებდა.

სახელმწიფო დეპარტამენტს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

2019 წელს რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მ თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები პროგრამიდან მოხსნა.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს თვითმფრინავების სისტემაზე ინფორმაციის მოპოვების საშუალებას მისცემს და საფრთხეს შეუქმნის მას.

დეკემბერში აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტმა 18 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა თურქეთისათვის სირიაში სამხედრო ოპერაციის დახმარების და რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენის გამო სანქციების დაწესების კანონპროექტს. რუსეთისა და თურქეთის შეთანხმება არღვევს აშშ-ს 2017 წელს მიღებულ სანქციების კანონს (CAATSA/პასუხი ამერიკის მოწინააღმდეგეებს სანქციების აქტის მეშვეობით), რომლითაც ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან სამხედრო სფეროში ბიზნესს აწარმოებენ, სანქციები ეკისრებათ.

სირიაში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს ჯეფრიმ 5 მარტს სტამბოლში ვიზიტისას განაცხადა, რომ თურქეთის მიერ რუსული S-400 თავდაცვითი სისტემების შეძენა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

30 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ აგრძელებს იმის შეფასებას, თუ როგორ უპასუხებს თურქეთის მიერ რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვას.

აგვისტოში რუსეთის სახელმწიფო კონგლომერატის, როსტეკის უფროსმა, სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთში S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის დამატებითი პარტიის გაგზავნის კონტრაქტს, სავარაუდოდ, 2021 წელს ხელს მოაწერს.

23 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსეთისგან ნაყიდ S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს უკვე ცდის და აშშ-ს პოზიცია არ აინტერესებს.

კომენტარები