არჩევნები 2020

მშვენიერაძე: პარალელური დათვლა ვერ ავლენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, კარუსელს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე წერს, რომ პარალელური დათვლა (PVT) ვერ ავლენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, კარუსელს, ოქმების შემდეგ გადაკეთებას. 

"მეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას ISFED-სა და ხმის პარალელურ დათვლაზე.

PVT ასახავს საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემებს და სპეციალური მეთოდოლოგიის შედეგად ითვლის, მსგავს შედეგებზე დაფუძნებით ქვეყნის დაახლოებით ჯამურ მონაცემს. PVT ვერ ავლენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, კარუსელს, ოქმების შემდეგ გადაკეთებასა და ათას მავნებლობას, რამაც ბოლო არჩევნები ყველაზე ცუდ არჩევნებად აქცია ქართული ოცნების მმართველობის 8-წლიან პერიოდში.

ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარ განცხადებაში სამართლიანმა არჩევნებმა, რომელიც სამართლიანობისთვის ბრძოლაში მთელი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო და იქნება.

დიახ, ადამიანებს შესაძლოა მოუვიდეთ შეცდომები, რომლებსაც მძიმე შედეგები მოჰყვება. ალბათ, ეს შეცდომა დაღს არამარტო ISFED-ს, არამედ მთელ NGO სექტორსაც დაგვასვამს. თუმცა, მე მირჩევნია, იმ ორგანიზაციის პარტნიორი ვიყო, რომელსაც საკუთარი შეცდომის აღიარება, მასზე პასუხისმგებლობის აღება და საზოგადოების სამართლიანი რისხვის მიღება შეუძლია, ვიდრე ისეთის, რომელიც ამ შეცდომას მიჩქმალავდა და სიმართლეს საზოგადოებას დაუმალავდა". - ვკითხულობთ მშვენიერაძის განცხადებაში.

გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ ცალკე საკითხია, შიდა აუდიტის დასრულებამდე, ხელისუფლებამ საიდან შეიტყო ფორმულის შეცდომის შესახებ.

"მე ეჭვი მაქვს, რომ მიყურადებით და სწორედ ამ ინფორმაციის შემდეგ შეცვალა სამოქმედო სტრატეგია. გადაავლეთ თვალი ბოლო 4 კვირის ქრონიკებს, განცხადებებს, ხელისუფლების მიდგომების ტრანსფორმაციას და ყველაფერი უფრო ცხადი იქნება.

ხელისუფლებას, შესაძლოა, იმედი ჰქონდა, სამართლიანი არჩევნები ამ შეცდომის შესახებ ღიად არ იტყოდა (როგორც თავად მოიქცეოდა), ოპოზიცია იმ უბნების გადათვლას დათანხმდებოდა, რომელზეც ბატონი კობახიძე საუბრობდა და როცა აცდენა სამართლიან არჩევნებს დაუდასტურდებოდა, საბოლოოდ მოკლავდა არჩევნების გაყალბებაზე საუბარს.

სულ ეს იყო, რისი თქმაც მსურდა". - წერს უფლებადამცველი თავის Facebook გვერდზე.

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, "ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება" და 2012 წლიდან სამართლიან არჩევნებს "ასეთი მძიმე გამოწვევა" არ ჰქონია.

სამართლიანი არჩევნები საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის ცდომილების ხარისხი 0.7%-ია:

  • ქართული ოცნება – 47.6%

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 27.4%

  • ევროპული საქართველო – 3.8%

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%

  • ლელო – 3.2%

  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.1%

  • გირჩი – 3.0%

  • მოქალაქეები – 1.3%

  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%

  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%

სამართლიანი არჩევნების 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი ამ შემთხვევაშიც 0.7%-ია.

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.1%
  • ლელო – 3.1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.0%
  • გირჩი – 2.8%
  • მოქალაქეები – 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო – 0.9%

მმართველი გუნდის შეფასებით, Isfed-ის განცხადების შემდეგ მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა და ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

ვროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით კი, მმართველმა პარტიამ ეს ხარვეზი, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა და მოლაპარაკებებისას გადათვლის შემოთავაზება "მახის დაგება" იყო.მისივე თქმით, PVT ვერანაირად ვერც აკონტროლებს და ვერც ზომავს ჩაყრას და კარუსელს.

კომენტარები