ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე

ლავროვი ნავალნის მოწამვლაზე ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას "სასაცილო საკითხავს" უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას "სასაცილო საკითხავი" უწოდა.

გამოძიება Bellingcat-მა, CNN-მა, The Insider-მა და Der Spiegel-მა ჩაატარეს. მათი გამოძიების მიხედვით წლებია, რუსეთის ფედერალური უშიშროების სააგენტოს (FSB) წარმომადგენლები უკანონოდ უთვალთვალებენ ნავალნის, მათ შორის იმ დღესაც, როდესაც ის მოწამლეს. მოგვიანებით ვიდეო ჩაწერა თავად ნავალნიმ, რომელშიც ასახელებს პირებს, რომლებიც, მისი თქმით, მოწამვლაში მონაწილეობდნენ.

ლავროვი პირველია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთაგან, ვინც ჟურნალისტური გამოძიების და ნავალნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. პუტინის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ ყოველდღიური პრესკონფერენციები გააუქმა და მიზეზად წლის ბოლო, შემაჯამებელი პრესკონფერენციისთვის მზადება დაასახელა. მიუხედავად ამისა, ლავროვი ირწმუნება, რომ რუსეთის ხელისუფლების დუმილი არ ნიშნავს იმას, რომ ბრალს აღიარებენ:

"განავითარეს ლოგიკა, რომ ვინაიდან მოსკოვი ჩუმადაა 2 დღის განმავლობაში, დამნაშავეა. ამ მიდგომის არასრულფასოვნება, ჩემი აზრით, ნებისმიერისთვის ცხადია". - თქვა მან.

ლავროვმა თქვა, რომ, როგორც მოწამვლის, ასევე ჰაკერული თავდასხმის ბრალდებები აშშ-ს მიერ არის ორკესტრირებული.

"მეთოდი, რომლითაც ეს ახალი ამბავი წარადგინეს, მხოლოდ ერთზე მიუთითებს: ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ეთიკური სტანდარტები და ნორმალური დიპლომატიური საქმიანობისთვის საჭირო უნარები აკლიათ. ასევე მათ არ სურთ, დაემორჩილონ საერთაშორისო კანონებს, როდესაც საქმე ფაქტებზე საუბარს ეხება". - თქვა ლავროვმა.

მიმდინარე კვირას აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახაზინო და ვაჭრობის დეპარტამენტებზე, ასევე შინაგანი უსაფრთხოების და სახელმწიფო დეპარტამენტებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა, რომლის უკანაც, სავარაუდოდ, რუსი სამთავრობო ჰაკერები იდგნენ.

20 აგვისტოს თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მგზავრობდა ომსკში დაეშვა, ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის ხელისუფლების უარყოფის მიუხედავად, გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის შემდეგ მის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ ნავალნი რუსული ნერვული აგენტის, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ის კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს, ის მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს.

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების 6 წარმომადგენელს, მათ შორის FSB-ს ხელმძღვანელს, ალექსანდრ ბორტნიკოვს სანქციები დაუწესა. გაიყინა მათი ანგარიშები და აეკრძალათ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა.

კომენტარები