რუსეთი ტაქტიკას ცვლის

აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ რუსეთის მთავრობა საქართველოს მიმართ ახალ ტაქტიკას ირჩევს. რუსებს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება არ აკმაყოფილებთ, რადგან საქართველოს კვლავ ევროატლანტიკური სივრცისკენ აქვს გეზი აღებული. კრემლის მთავარი მიზანი მიუღწეველი დარჩა, ამიტომ ცდილობს, ქვეყნებს შორის უთანხმოების პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს პროდასავლურ მთავრობას დააკისროს და დასაყრდენს ქართულ ოპოზიციურ პარტიებში ეძებს. ამის დემონსტრირება იყო 2010 წლის 29 იანვარს, ჟენევაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადება. მის მიხედვით, რუსული მხარე მზადაა, მიიღოს ქართული ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი, რომლებიც მოსკოვში “სიტუაციის შესაცვლელად” ჩავლენ. კარასინმა გამოყო ნინო ბურჯანაძე, როგორც ჯანსაღი პოლიტიკოსი, რომელსაც “2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის მიმართ, სწორი მიდგომები აქვს”.
ამ განცხადებიდან ერთ თვეში “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა, როგორც თავად აღნიშნა “დიდი პოლიტიკის საკეთებლად”. იგი პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს, საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვსა და რუსეთის ხელისუფლების რამდენიმე სხვა წარმომადგენელს შეხვდა.
ბურჯანაძე-ლავროვის შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ცნობით, რუსული მხარე ითანამშრომლებს მხოლოდ იმ ქართველ პოლიტიკოსებთან, რომლებიც “რეალისტურად” აფასებენ სიტუაციას.
ნინო ბურჯანაძე არ ყოფილა კრემლისთვის პირველი “რეალისტი” ქართველი პოლიტიკოსი. რუსეთის მთავრობასთან ყველაზე აქტიურად საქართველოს ყოფილი პრემიერი, პარტია “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი - ზურაბ ნოღაიდელი თანამშრომლობს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, იგი 5-ჯერ ეწვია მოსკოვს და პრემიერ ვლადიმირ პუტინსაც შეხვდა. ნოღაიდელი ამბობს, რომ მისი უმთავრესი მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და მოსკოვში ამ საკითხის მისეული ხედვა ჩაიტანა, თუმცა არ ხსნის, თუ რას გულისხმობს ეს გეგმა.
9 თებერვალს, მოსკოვში მეხუთე ვიზიტისას, ნოღაიდელმა პუტინის პოლიტიკურ პარტია “ედინაია რასიასთან” ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ მხარეები, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, კეთილმეზობლობის განმტკიცებისაკენ ისწრაფიან. ამ მიზნის მისაღწევად მათ მუდმივი კონსულტაციები ექნებათ: გაცვლიან ინფორმაციას რუსეთსა და საქართველოში არსებულ აქტუალურ, ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებზე; გამართავენ კონფერენციებს; შეხვდებიან ექსპერტებს; გაცვლიან დელეგაციებს. მოსკოვში ბურჯანაძის ვიზიტის შემდეგ, 7 მარტს, ნოღაიდელმა პირველი არხის ეთერით განაცხადა: “თუ რუსული ჯარი წამოვა თბილისისკენ, ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ საქართველოს განთავისუფლებას სააკაშვილის რეჟიმისგან”.
გარდა ნოღაიდელისა, რუსეთთან სალაპარაკოდ მზადაა “კონსერვატიული პარტია”. პარტიის გენერალური მდივნის - კახა კუკავას განმარტებით, “დიალოგი მტერთანაც კი აუცილებელია”. ის კონფრონტაციის მომხრეებს ისტორიის წიგნების წაკითხვას ურჩევს, რომ ნახონ, როგორ გვარდება კონფლიქტები. კუკავა მზადაა, უარი თქვას საქართველოს ნატოში შესვლაზე იმ პირობით, თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს დაუბრუნებს. განცხადებას ეთანხმება “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი. რუსეთთან სალაპარაკოდ ასევე მზადაა “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” და ლევან გაჩეჩილაძე.
ოპოზიციის მეორე ნაწილი არ აპირებს რუსეთთან დიალოგზე წასვლას. “საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამისთვის საჭიროა, რუსეთმა საქართველო სუვერენულ და თანასწორ სახელმწიფოდ აღიქვას. გარდა ამისა, მოლაპარაკებისთვის აუცილებელია მანდატი, რომელსაც ხალხი მთავრობას აძლევს.
რესპუბლიკელი თინა ხიდაშელისთვის კი მიუღებელია, საქართველოს მოქალაქე - პოლიტიკოსი იქნება, თუ საზოგადოების რიგითი წევრი - ქართულ ჯარსა და ერზე მზრუნველის მანტიის მორგებაში დაეხმაროს ადამიანს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, ქართველების დახოცვა ბრძანა. სამაგიეროდ, ხიდაშელს აუცილებლად მიაჩნია დიალოგი სამთავრობო დონეზე და ამბობს, რომ მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს აზრი, თუნდაც მას შედეგი არ მოჰყვეს.
არც “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია აპირებს რუსეთში ჩასვლას მანამდე, სანამ არ იქნება ხელისუფლებაში. ეს ალასანიამ ორკვირიანი მერყეობის შემდეგ განაცხადა. იგი ჯერ ნოღაიდელთან თანამშრომლობას აპირებდა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა და ისევ “ალიანსს” დაუბრუნდა.
სამთავრობო დონეზე, დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მიმდინარეობს. მთავარი საკითხი საქართველოს დეოკუპაციაა. სანამ რუსები კონფლიქტურ ტერიტორიებს არ დატოვებენ, საქართველოს მთავრობა სხვა საკითხებზე მოლაპარაკებას არ აპირებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგა ბოკერიას თქმით, რუსეთს, კონფლიქტური რეგიონები მთელ საქართველოზე კონტროლის დასამყარებლად სჭირდება. იგი იხსენებს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემაზე ღია და დახურულ საუბრებში რუსები კონფლიქტების ეთნოკონფლიქტებად წარმოჩენას ცდილობდნენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებას სოხუმთან და ცხინვალთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდებდნენ, თავად კი შორს იჭერდნენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომმა ამ კონფლიქტების საერთაშორისო ხასიათი გამოავლინა, რუსები კვლავ არ თმობენ ძველ პოზიციას.
ეკონომიკური ემბარგოს თანდათან გაუქმებაც რუსეთის ახალი პოლიტიკის ნაწილია. გასული წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად არის აღადგინოს პირდაპირი რეისები საქართველოსა და რუსეთს შორის და გახსნას ლარსის გზა (საქართველოსა და რუსეთის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა, რომელიც არ გადის ოკუპირებულ რეგიონებზე). მან რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებაზეცისაუბრა. პრეზიდენტი არც უვიზო რეჟიმის აღდგენას გამორიცხავს მომავალში. აქვე მედვედევმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების აღდგენას არ აპირებს.
25 თებერვალს, იგივე გაიმეორა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა: “იმედი მაქვს ლარსის სასაზღვრო ზოლი 1 მარტიდან გაიხსნება. შეთანხმება ორივე მხარეს მიღწეულია” - და იქვე დაამატა - “ურთიერთობა ჩვენს სასულიერო და კულტურის მესვეურებს შორის არასოდეს შეწყვეტილა. ქართველი და რუსი ხალხები საუკუნეებმა გადააჭდეს ერთმანეთს; ეს ძლიერი ნასკვი გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ ჩრჩილს, რომელიც უცხო ქარების ქროლვას მოჰყვა”.
ეკონომიკური ემბარგოს გაუქმებას ლოგიკური მიზეზი აქვს. რუსეთმა, ყაზახეთმა და ბელორუსიამ შეკრეს კავშირი, რომელიც 2011 წლისთვის ერთიანი საბაჟო სივრცის შექმნას უზრუნველყოფს. შესაბამისად, რუსეთში მაინც შეაღწევს ქართული პროდუქცია ამ ქვეყნების გავლით, პუტინის მთავრობა კი ამას თავის კეთილ ნებას მიაწერს.
საქართველოში რუსეთის მზაობას ემბარგოს მოხსნაზე დადებითად მოეკიდნენ. ქართულმა ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” 8, 9 და 10 იანვარს, მოსკოვის მიმართულებით, ჩარტერული რეისები განახორციელა. ეს ერთჯერადი აქცია იყო. დეკემბრის ბოლოს კი ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის შესახებ. გზა დათქმულ დროს, 1 მარტს, გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ ლარსის სასაზღვრო პუნქტი 2006 წელს რუსეთმა ჩაკეტა. გარდა საგზაოსი, აიკრძალა საზღვაო და საჰაერო მიმოსვლაც. რუსული ბაზრიდან განიდევნა ქართული ღვინო, მინერალური წყალი და ციტრუსები. ეს იყო იმ კონფრონტაციის ოფიციალური გაფორმება, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო, როცა პუტინმა დაინახა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა მას ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არ ჩარევდა.


 

კომენტარები