ზემო ლარსის არსი

1 მარტს საქართველო-რუსეთს შორის საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნა. ინიციატივა მოდიოდა სომხეთისგან, რომლისთვისაც რუსეთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ამ ფაქტმა აზერბაიჯანის უკმაყოფილება გამოიწვია.
გამშვებ პუნქტზე აკრძალულია სახელმწიფო საზღვრის ფეხით გადაკვეთა. არც საქართველოს ვიზები გაიცემა ადგილზე.
ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს ითხოვს: “ყაზბეგის რაიონს, კერძოდ, თრუსოს ხეობას, ჯავის რაიონი ესაზღვრება. ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სპეცსამსახურების დაფინანსებით მოქმედი სპეციალური ორგანიზაციები ყაზბეგში შესაღწევად აქტიურად მუშაობენ”, – ამბობს ვეფხვაძე. მისი აზრით, რუსეთის მოქალაქეების ყაზბეგის ტერიტორიაზე გადმოსვლა მოსკოვმა შეიძლება ოკუპაციის მიზეზად გამოიყენოს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი სერგი კაპანაძე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის არგუმენტს უსაფუძვლოდ მიიჩნევს: “რუსეთს თუ უნდა საქართველოს დაბომბვა, ამას სახმელეთო საზღვრის გარეშეც გააკეთებს. წელიწად-ნახევრის წინ ყველამ ვნახეთ, რაც ჩაიდინეს. მით უმეტეს, რომ კონკრეტულად ლარსის საზღვრის გადმოკვეთის უფლება რუსეთის მოქალაქეს არ ექნება, თუ იგი მოსკოვში, შვეიცარიის მხარის დახმარებით არ აიღებს ვიზას”, – აღნიშნა კაპანაძემ.
2006 წელს საბაჟო რუსეთმა ჩაკეტა. მიზეზად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობა დასახელდა. სამი წლის შემდეგ, სექტემბერში, ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტისთვის აშშ-მ 2.4 მილიონი დოლარი გაიღო: პუნქტი გარემონტდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა.
საზღვრისა და საბაჟოს გახსნა, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განახლებას არ ნიშნავს. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთი ამ “დათმობაზეც” წავიდეს.
ერთიანი საბაჟო კავშირის შექმნით, რუსეთმა, ბელორუსიამ და ყაზახეთმა შიდა საბაჟოები ფაქტობრივად გააუქმეს. შედეგად, ქართული პროდუქციის რუსეთში მოხვედრა შესაძლებელი გახდა ბელორუსიისა და ყაზახეთის გავლით. საქართველოს ორივე ქვეყანასთან უბაჟო ვაჭრობის ხელშეკრულება აკავშირებს. რუსეთის პრემიერმა, ვლადიმირ პუტინმა, უკვე გარკვეული ზომებისკენ მოუწოდა მომავალ პარტნიორებს, რათა საერთო საბაჟო კავშირის ტერიტორიაზე არ მოხვდეს პროდუქცია, რომელიც მონაწილე ქვეყნების ბაზრებზე პრობლემებს შექმნის. თუმცა, რუსეთი, ამავდროულად, თავსაც იზღვევს და საქართველოდან რიგრიგობით ჩასულ ოპოზიციის წარმომადგენლებს ბაზრის გახსნას ჰპირდება: თუ ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე მაინც მოხვდება, მაშინ ჩათრევას ჩაყოლა სჯობს. ამ ნაბიჯით პუტინი მის ქართველ მოკავშირეებს, ბურჯანაძესა და ნოღაიდელს, საშუალებას მისცემს ბაზრის გახსნა თავიანთ დამსახურებად გაასაღონ.
“რუსეთმა თავის ბაზარზე შეიძლება შეგვიშვას, მაგრამ მისგან მათრახის გადაჭერას ყოველთვის უნდა ველოდოთ. საქართველოდან რუსეთში გრძელვადიანი ექსპორტის დაგეგმვა და ამ მიმართულებით ბიზნესის აწყობა სახიფათოა. ეჭვიც არ მეპარება, ქართული ბიზნესი ამას აცნობიერებს”, - ამბობს ეკონომისტი გია ჯანდიერი, - “რუსეთთან საზღვრის გახსნით, საქართველომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დამოკიდებულების მიუხედავად, ის მაინც იმ ცივილიზებულ ქვეყნად რჩება, რომლისთვისაც გახსნილი ურთიერთობები მთავარია”.


 

 

კომენტარები