რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკა

ქართული წარმოების ტოტალური დაბლოკვა რუსულ ბაზარზე, იყო და არის სადამსჯელო პოლიტიკური აქცია; შესაბამისად, მისი გაუქმებაც პოლიტიკურ მიზანს ემსახურება.

ქართულ-რუსულ ეკონომიკურ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, იყო სასმელების ფალსიფიცირებაც და ვალების გადაუხდელობაც. ზოგიერთი ქართული პროდუქტი, გარკვეულ სტანდარტებთან შეუსაბამობის მიზეზით, არაერთ ევროპულ, მათ შორის, მეგობრულ ქვეყანაშიც აკრძალულია. თუნდაც “ბორჯომი”, რომელიც მისი მინერალური შემადგენლობის გამო, არ წარმოადგენს ყველა ქვეყნისთვის მისაღებ სასმელს. თუმცა, როცა ერთი კონკრეტული კომპანიის პრობლემის განზოგადება ხდება და ისჯება განურჩევლად ყველა, ცხადია, საქმე გვაქვს არა ეკონომიკურ, არამედ - პოლიტიკურ საკითხებთან.

საქართველოს ეკონომიკური ბლოკადა აზარალებს რუს მეწარმესა და მომხმარებელსაც. მომხმარებელს იმიტომ, რომ აღარ აქვს მისთვის ხელმისაწვდომი და სასურველი საქონლის შეძენის საშუალება; მეწარმეებს კი რეალიზაციის ბაზარი ეკვეცებათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2006 წლამდე რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო და ორივე ქვეყანაში მილიონობით ადამიანი სარგებლობდა ამ ვაჭრობის შედეგებით. ბლოკადისგან გამოწვეული ზარალის დათვლისას, გასათვალისწინებელია არა მხოლოდ არსებული, არამედ პოტენციური ბიზნეს პროექტები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც. მაგრამ გასაკვირი არაფერია: ისტორიულად, რუსეთის მთავრობა არასდროს ითვალისწინებდა რიგით მოქალაქეთა და მეწარმეთა ინტერესებს. ახლაც, ემბარგო უქმდება არა იმდენად რუსული ეკონომიკის, რამდენადაც პოლიტიკის სახეიროდ.

რუსეთის პოლიტიკური მანევრის რამდენიმე მაგალითი:

1. შესაძლოა, რუსეთმა სავაჭრო კორიდორი გაუხსნას სომხეთსაც, რათა ამ უკანასკნელს ნაკლები მოტივაცია ჰქონდეს პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობის აღდგენისათვის. თურქეთთან ურთიერთობის დათბობა შეამცირებდა სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულებას და, ადრე თუ გვიან, მისგან დასხლტომის შესაძლებლობას გაუჩენდა.

2. შესაძლოა, ქართულ ნაწარმზე ემბარგოს გაუქმება და ფალსიფიცირებული პროდუქციის ახალ ნაკადზე თვალის დახუჭვა, კრემლის ლოიალური სავაჭრო-სამეურნეო ფენისა და პოლიტიკური ძალების ფინანსური მხარდაჭერისთვისაც მოხდეს.

3. გასათვალისწინებელია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილიც. მცდელობა დღემდე, სწორედ საქართველოს მხრიდან იბლოკება, რასაც სხვა ქვეყნები გაგებით ეკიდებიან. სავაჭრო ურთიერთობების გამარტივება საქართველოს მხრიდან ბლოკირების არგუმენტებს ამცირებს და, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის შანსს ზრდის. შესაძლოა, ბლოკადის მოხსნა დროებითია, რათა რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისკენ გზა გაიკაფოს, ხოლო შემდეგ ემბარგოს მეტად დახვეწილი ფორმები მოიფიქროს; მაგალითად, შიდა სტანდარტები, რომლებიც ქართული იმპორტისათვის მიუწვდომელი ან ეკონომიკურად მიუღებელი იქნება საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში. ისინი აკრძალავენ არა პირდაპირ “ბორჯომს”, არამედ ისეთ მინერალურ სასმელს, რომელიც “ბორჯომს” შემადგენლობით “წააგავს”.

4. ემბარგოს გაუქმების ან შემსუბუქების მთავარი პოლიტიკური მოტივაცია რუსეთს, ბელორუსიას და ყაზახეთს შორის ერთობლივი საბაჟო სივრცის შექმნის სურვილია. ეს კავშირი ჯერ ჩანასახოვან ფაზაშია და, საბოლოოდ, რა სახეს მიიღებს, ძნელი სათქმელია. თუ რუსეთი ქართულ ნაწარმზე ემბარგოს გაგრძელებას აპირებს, მაშინ მან ყაზახეთი და ბელორუსიაც უნდა დაიყოლიოს ამაზე. ეს შეუძლებელი თუ არა, საკმაოდ რთული იქნება. ამდენად, ავტომატურად, დღის წესრიგში დგება ემბარგოს გაუქმების ან შემსუბუქების საკითხი. თუ თავის დროზე ემბარგოს შემოღების მიზეზად პროდუქციის მდარე ხარისხი დასახელდა, მაშინ დღეს უნდა დასაბუთდეს, რომ იგივე პროდუქცია უკვე კარგი ხარისხისაა (ან რომ ხარისხს მნიშვნელობა აღარ აქვს). ცხადია, ლოგიკურობა და თანმიმდევრულობა რუსული პოლიტიკის მთავარი მახასიათებელი არაა, ამიტომ რჩება “შემსუბუქების” სცენარი: ბელორუსსა და ყაზახეთს მოუწევთ საქართველოსთან ვაჭრობის “გამკაცრება” და რუსეთის მსგავსი “პირობების” წამოყენება. ამ შემთხვევაში, იქნება დარგები, სადაც ზარალი გაიზრდება, ხოლო ზოგან კი, შესაძლოა, პირიქით, მოგება გაიზარდოს. თუ ემბარგო გაუქმდება, ეკონომიკურ სარგებელს ყველა დარგი ნახავს. თუმცა, 2006 წლამდე არსებული ბრუნვების ავტომატურად აღდგენა არ მოხდება.

ფაქტი ერთია, ნებისმიერი ახალი ბაზარი ახალი შესაძლებლობებია: რეალური სამუშაო ადგილები და დასაქმება; შემოსავლები და ეკონომია; კომუნიკაცია და ინფორმაციული სიმდიდრე. არ ვიცი არცერთი გონივრული არგუმენტი, რომელიც ვაჭრობისა და მიმოსვლის, მით უფრო, თავისუფალი, უბაჟო ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ შეიძლება გამოითქვას. არავის აქვს უფლება ადამიანებს შეუზღუდოს სასიცოცხლო სივრცე. ეკონომიკური საზღვრები, რაოდენობრივი ბარიერები, ბაჟი და, მით უმეტეს, ბლოკადა ხომ სწორედ ამას ნიშნავს. ეკონომიკური ბლოკადა სხვა არაფერია, თუ არა გენოციდის მიზანმიმართული მცდელობა და გარდა იმისა, რომ ეკონომიკურად წამგებიანია თავად ორგანიზატორისთვის, ამავდროულად, მის არაჰუმანურობასაც წარმოაჩენს.

კომენტარები