ჩადრი და თავისუფლება

ფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ქვეყანა - მაროკო - ქალთა უფლებებისა და თავისუფლების მხრივ, ისლამურ სახელმწიფოებს შორის, მხოლოდ თურქეთს ჩამოუვარდება. მეშვიდე წელია, მაროკოში მოქმედებს კანონი ოჯახური უფლებებისა და პერსონალური თავისუფლების შესახებ, რომლის თანახმადაც:

1. ცოლი და ქმარი თანასწორია ქვეყანაში და ოჯახში;
2. ქალისა და კაცის ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორმხრივი სურვილით;
3. ქმრებს აღარ შეუძლიათ მიატოვონ ცოლები უმიზეზოდ;
4. ქალებისთვის გაყრა გამარტივდა;
5. მინიმალურმა საქორწინო ასაკმა ქალებისთვის 15-დან 18 წლამდე აიწია.

ისტორიული თვალსაზრისით, ახალგაზრდა მონარქის, მუჰამედ VI-ის რეფორმა (2004 წელს) იყო ყველაზე ფართო სოციალური ტრანსფორმაცია მას შემდეგ, რაც მაროკომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. რეფორმას ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მაროკოელთა ნაწილი წუხს, რომ ცვლილებები ძალიან შორს წავიდა, რაც საფრთხეს უქმნის ისლამურ კულტურას. ისლამისტური ჯგუფები რეგულარულად აპროტესტებენ ოჯახური უფლებების და პერსონალური თავისუფლების შესახებ კანონს და რელიგიურ ნიადაგზე, კასაბლანკას ქუჩებში, მრავალათასიან დემონსტრაციებს მართავენ.

რეფორმას უფრო ახალგაზრდები ემხრობიან, თუმცა ბევრი მათგანი მას კრიტიკულად უყურებს; მიიჩნევენ, რომ კანონით დაკისრებული არაერთი ვალდებულების გამო მამაკაცები დაქორწინებისას ფრთხილობენ. აქედან გამომდინარე, რეფორმის მომხრეებიც კი შიშობენ, რომ მაროკოში ქორწინებათა რიცხვი თანდათან დაიკლებს.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი - ნუჟა სკალი. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, იგი აცხადებს, რომ კანონის მიღებიდან 5 წლის შემდეგ ქორწინებათა რიცხვი 30%-ით გაიზარდა, ხოლო გაყრათა რაოდენობა - 3%-ით. მინისტრობამდე სკალი თავად იყო ქალთა უფლებების აქტივისტი. იდეალისტ ფემინისტებს, რომლებსაც საზოგადოების სწრაფად შეცვლის იმედი ჰქონდათ, სკალიმ განუმარტა: „ძალიან რთულია სრულად ამოძირკვო კულტურაში ჩამჯდარი ჩვეულებები 6 წელიწადში, ასეთი ძირეული პრობლემა ჯადოსნური ჯოხის მოქნევით არ წყდება”.

პოლიტიკური ცხოვრების კუთხით აღსანიშნავია, რომ დღეს მაროკოს პარლამენტში, ქალებისთვის გამოყოფილი სპეციალური კვოტების წყალობით, 35 ქალი დეპუტატია - მთელი შემადგენლობის 10%. თუმცა, 10%-იანი კვოტა მხოლოდ დასაწყისია და რამდენიმე წელიწადში მაროკოს პარლამენტში ქალებისთვის 30%-იანი კვოტა დაწესდება.

რეფორმების სრულფასოვან იმპლემენტაციას ხელს უშლის მძიმე სოციალური ფონი. მაროკოში სამუშაო ძალის მესამედს ქალები შეადგენენ. ყოველი ხუთი ოჯახიდან ერთს ქალი მართავს, რადგან იგი ან გაყრილია, ან ქმრის სახლიდან გამოგდებული, ან კიდევ მეუღლე საზღვარგარეთ მუშაობს. მაროკოს ქალების 2/3-მა არ იცის წერა-კითხვა. ზოგიერთ რეგიონში ქალიშვილების 90%-ს არასდროს უვლია სკოლაში. მაროკოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი დღეში 1 ევროთი ცხოვრობს, დიდი ნაწილისთვის კი სამედიცინო დახმარება მიუწვდომელია. მიუხედავად პრობლემებისა, მუჰამედ VI-ის რეფორმა ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ეს მოწმობს, რომ ისლამური იდენტობა და ადამიანის უნივერსალური უფლებები შეიძლება ერთმანეთს შეუთავსდეს.
მაროკოს რეფორმებს იმედით უყურებენ რეგიონში და, ზოგადად, ისლამურ სამყაროში. მაროკოელ ქალებს უკვე ბაძავენ მეზობელი ქვეყნების (ალჟირი, ტუნისი) ფემინისტები. მაგალითად, ალჟირელი აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მათი ქვეყანა, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, ჩრდილოეთ აფრიკაში უკანასკნელ ადგილზეა და დაუყოვნებლივ რეფორმებს მოითხოვენ. მუჰამედ VI-ის ინიციატივებს გამოეხმაურნენ სხვა ისლამური სახელმწიფოებიც. ოჯახში ქალთა უფლებების მხრივ კრიტიკული ვითარებაა ერაყში, ირანსა და ავღანეთში. ბოლო დროს გააქტიურდნენ ირანელი ფემინისტებიც, რაც, მათივე აღიარებით, მაროკოს წარმატებითაა გამოწვეული.


 

კომენტარები