როგორ იწრთობოდა სტალინი

ეს შეხვედრა ნაძალადევში, პლეხანოვის სახელობის მუშათა სასახლეში გაიმართა. 1921 წლის ცხელი მაისი იდგა — კომუნისტური საქართველოს პირველი გაზაფხული. დარბაზში ტევა არ იყო, ჩეკისტები და გადაცმული ჯაშუშები ხალხში დაძვრებოდნენ. ქართველმა კომუნისტებმა იცოდნენ, რომ საზოგადოება აგრესიულად იყო განწყობილი ახალი რეჟიმის მიმართ, ამიტომ უსაფრთხოებაზე 100-მდე ადამიანი ზრუნავდა. გასაბჭოებული საქართველოს მუშათა წინაშე იმ დღეს პირველად წარსდგა ყველაზე პოპულარული ქართველი კომუნისტი იოსებ ჯუღაშვილი.
ინფორმაციას ამ შეხვედრის შესახებ, მენშევიკი რევოლუციონერი და 1918-21 წლებში საქართველოს სახალხო გვარდიის კომისარი ვლასა მგელაძე გვაწვდის.
„ნელის ნაბიჯით, მელურის შეპარვით სცენაზე სტალინი, თფილისის მუშების კარგა ნაცნობი სოსო ჯუღაშვილი — „კობა” შემოიპარა... მთელი დარბაზი სამარისებული სიჩუმით, კრიჭაშეკრული, ზიზღით შეხვდა. მხოლოდ ჩეკისტებ-ჯაშუშების ნაძალადევი ტაშისცემა გაისმა, რომლის პასუხად მოხუცი დედები გაიძახოდნენ: „გამყიდველო, მკვლელო, მოღალატევ!” აქ მას ყველა იცნობს, მათ ოჯახებში იმალებოდა, ნაპურმარილევია...”
XX საუკუნის დასაწყისში ნაძალადევის ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელი ქარხნის მუშები სერიოზული, ორგანიზებული ძალა იყო. დიდია მათი როლი მონარქიის დამხობასა და სოციალიზმის გამარჯვებაში. მუშათა უმრავლესობა რუსეთის მეფის პოლიციამ არაერთხელ დააპატიმრა და გადაასახლა. ბოლშევიკებისთვის ეს ხალხი ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ძალა იყო გასაბჭოების პროცესში, მაგრამ ოკუპაციიდან რამდენიმე კვირაში მათ შეიმუშავეს რეზოლუცია, რომელშიც დაგმეს ახალი რეჟიმი და საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადეს.
მგელაძე წერს, რომ სტალინის სიტყვა შეხვედრაზე ფრთხილი და მორიდებული იყო. მიუხედავად ამისა, მას საუბარს აწყვეტინებდნენ, შეკითხვებს აყრიდნენ. სტალინი არ ჰგავდა საკაცობრიო იდეებით გატაცებულ ადამიანს, გაუბედავად ლაპარაკობდა და თბილისის მუშებს თვალმოჭუტული ათვალიერებდა.
ცარისტული რუსეთის წინააღმდეგ ცნობილმა მებრძოლმა და მრავალჯერ გაციმბირებულმა ალექსანდრე დგებუაძემ სტალინს პირდაპირ უთხრა: “თავისუფლებისა და სოციალიზმის სახელით ლაპარაკს როგორ ბედავ, რუსეთი ხომ არ გგონია, აქ თფილისის რევოლუციონერ მუშებთან გაქვს საქმე!”
მგელაძე იხსენებს, რომ ჩეკისტები დაძაბულები იყვნენ, რადგან განრისხებული მუშებისგან ყველაფერს მოელოდნენ.
ამ დროს სცენაზე ავიდა ცნობილი რევოლუციონერი, უკვე მოხუცებული ისიდორე რამიშვილი. მთელი დარბაზი ფეხზე ადგა და ტაშით შეეგება. “სტალინი ისიდორეს მოკუნტული შეჰყურებდა, ტუჩებს იკვნეტდა, ნაძალადევად, იუდასებურად უღიმოდა” - წერს მგელაძე. საქართველოს მთავრობის და ნოე ჟორდანიას ხსენებას ტაში და ოვაციები მოჰყვა. ისიდორე რამიშვილმა სტალინს გაბედულად ჰკითხა: “რატომ დაანგრიე საქართველო? სამაგიეროდ რა მოუტანე მას?” მოხუცმა “კობას” საქართველოს ისტორია გაახსენა და იგი მოღალატე ყორღანაშვილს შეადარა.
სტალინმა ბრალდებებზე პასუხის გაცემა დაიწყო, მაგრამ დარბაზმა არ დაანება. ის ჩეკისტებმა გააპარეს, ისიდორე რამიშვილი კი ხალხს ხელში აყვანილი მოჰყავდა, შეძახილით: “საქართველოს გაუმარჯოს!”
მეორე დღეს სტალინმა რისხვა ვერ დამალა და ქვეშევრდომებთან განაცხადა: “საქართველოს ოქტომბრის რევოლუციის ცხელი უთოთი უნდა გადავუაროთ”.
მოულოდნელად დააპატიმრეს მუშები, პოლიტიკური პატიმრებით აივსო მეტეხის ციხე. დაიჭირეს ისიდორე რამიშვილიც. საბურთალოსა და ორთაჭალის მინდვრებზე ასობით ადამიანი დახვრიტეს და ათასობით ციმბირში გადაასახლეს.
მოსკოვში დაბრუნებული სტალინი ოფიციალურ მოხსენებაში იტყვის: “სანამ საქართველო არსებობს, სოციალიზმი საფრთხეშია”.
ეს ფრაზა მან 1925 წელს, მოსკოვში, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-5 ყრილობაზეც გაიმეორა: „ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან — ისინი საშინლად ავიწროებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს. ქართველი ეროვნება კი არა, კონგლომერატია. საქართველოს არ შეუძლია რუსეთის გარეშე არსებობა”.
ამ ამბის შემდეგ განრისხებული სტალინი თბილისში საკუთარი დედის გარდაცვალების დღესაც კი არ ჩამოვიდა.



 

კომენტარები