... ენა „ტკბილად“ მოუბარი

სტატისტიკის მიხედვით, უცხო ენებს შორის, ინგლისური მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია. თუმცა, ვითარება საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლიდან ოცი წლის შემდეგაც, განსხვავებულია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქართული სკოლების დიდ ნაწილში პირველი უცხო ენა დღემდე რუსულია.
განათლების რეფორმის შედეგად, 2006 წლიდან, რუსული ენის სწავლება სკოლაში სავალდებულო აღარ არის და მას მშობლები ადმინისტრაციასთან ერთად ირჩევენ. 53-ე სკოლა ერთ-ერთია თბილისის იმ სკოლებს შორის, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრ მშობლებს ურჩევნიათ პირველი უცხო ენა ინგლისური იყოს. თუმცა, ვინაიდან წარსულში რუსულის შესწავლა ყველგან სავალდებულო იყო, სკოლების უმეტესობას ამ საგნის პედაგოგები ბევრი ჰყავს და მსგავსი ცვლილების გამო ისინი სამსახურიდან უნდა გაეთავისუფლებინათ.
სკოლის დირექტორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც სამეურვეო საბჭოები განათლების სამინისტროსგან მითითებას იღებენ, რუსული ენის გაკვეთილების საათები არ შეამცირონ. ეს იმით შეიძლება ავხსნათ, რომ ხელისუფლება, მათი ხმების დაკარგვის შიშით, რუსული ენის პედაგოგების გაღიზიანებას ერიდება. ამავდროულად, ზოგიერთი მშობლის აზრით, რუსულის მასწავლებლების კვალიფიკაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე ინგლისურისა, რასაც ასევე გავლენა აქვს სამეურვეო საბჭოების არჩევანზე.
ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის ყოფილი დირექტორის, სიმონ ჯანაშიას აზრით, მშობლების არჩევანს რუსული ენის სასარგებლოდ, პედაგოგების რაოდენობასა და კვალიფიკაციასთან ერთად, სხვა ფაქტორებიც შეიძლება განაპირობებდეს. “ეს ფენომენი ევროპაშიც შესწავლილია. როდესაც მშობლებმა რომელიმე ენა იციან, შვილებისთვის სწორედ მის სწავლებას ირჩევენ, მიუხედავად იმისა, რამდენად სასარგებლოა მისი ცოდნა პრაქტიკაში”. ასე უფრო იოლია იმის კონტროლი, თუ რას და როგორ სწავლობენ მათი შვილები. ხშირად არსებობს სენტიმენტალური სურვილიც, რომ შვილები მათ ჰგავდნენ.
პოსტსაბჭოთა სივრცისგან განსხვავებით, დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ინგლისური ენა სავალდებულო საგანია. მაგალითად, შვედეთში ინგლისურის სწავლება სავალდებულოა მესამედან მეცხრე კლასამდე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის აზრით, ამ ქვეყნების არჩევანი პრაგმატულია. “ყველაზე გამოსადეგი ენა დღევანდელ მსოფლიოში ინგლისურია და თანამედროვე განათლების მიღება, მისი თუნდაც საშუალო დონეზე ცოდნის გარეშე, შეუძლებელია”. ევროკომისიის კვლევით, ინგლისური, დღესდღეობით, მთელი ევროკავშირის მასშტაბით, ყველაზე გავრცელებული უცხო ენაა.
გლობალური ტენდენციები კომუნისტური წარსულის მქონე ქვეყნებსაც შეეხო. პოლონურ სკოლებში ინგლისურს 4 მილიონი მოსწავლე ეუფლება, მაშინ, როცა გერმანულს 2 მილიონი, რუსულს კი მხოლოდ 400 ათასი სწავლობს. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მოთხოვნა რუსულ ენაზე ამ ქვეყანაში 50%-ით შემცირდა. ჩინეთში, რომლის მოსახლეობა 1.3 მილიარდს აჭარბებს, 2001 წელს დამტკიცებული „უცხო ენის სკოლებში სწავლების პოლიტიკის” შედეგად, ინგლისური მესამე კლასიდან სავალდებულო საგანია.
ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის მთავრობა სკოლაში ინგლისური ენის ხარისხიან სწავლებას დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან ახალისებს. მასწავლებლები გადაამზადეს, სკოლებში კი ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრები გაიხსნა.
მოლდავეთში, რამდენიმე წლის წინ, მასობრივი გამოსვლები იყო, რომლის მონაწილეებიც რუსული ენის სკოლის პროგრამიდან ამოღებას ითხოვდნენ. ხელისუფლებას ეს მოთხოვნა სრულად არ დაუკმაყოფილებია, თუმცა საგანი არჩევითი გახდა.
საქართველოს განათლების სამინისტრო “ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამას” 2009 წლის აპრილიდან ახორციელებს. წელს, ინგლისური ენის საზაფხულო სკოლებში, 3 კვირის განმავლობაში, 1200 მოსწავლე ისწავლის. მათგან საუკეთესო 108 ორი კვირით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება. 50 უფროსკლასელი ერთი წლით ამერიკულ სკოლებში ისწავლის.
უფრო მასშტაბურია “მშვიდობის კორპუსთან” თანამშრომლობით დაგეგმილი პროექტი “ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად”, რომლის პრეზენტაცია შედგა 24 თებერვალს. საქართველოს განათლების სამინისტროს 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის მოზიდვა სურს. ბრიტანელი, ამერიკელი, ავსტრალიელი, კანადელი და ახალზელანდიელი პედაგოგები ქართველ კოლეგებს ინგლისურის სწავლებაში დაეხმარებიან. თავად კი - ქართულს შეისწავლიან. გეგმის მიხედვით, პროექტში საჯარო სკოლების უმრავლესობა უნდა ჩაერთოს.

კომენტარები