საბჭოთა იდეალის ისტორია

0 კომენტარი

იყო და არა იყო რა... იყო ერთი ციმბირელი ბიჭუნა (რამდენი წლისა იყო, არავინ იცის, რადგან წყაროები 11-დან 15-მდე ასაკს ანიჭებენ), პავლიკ მოროზოვი. არავინ იცის, როგორ გამოიყურებოდა (წლების განმავლობაში გამოქვეყნებული ფოტოებიდან არც ერთი არაა მისი ნამდვილი ფოტო)...

ასე ამბობენ, რუსი იყოო, მაგრამ სინამდვილეში იყო ბელორუსი - მისი ოჯახი დასავლეთიდან ციმბირში გადაასახლეს. ამბობენ, პიონერი იყოო, მაგრამ პიონერული რაზმი იმ დროს საერთოდ არ არსებობდა სოფელ გერასიმოვკაში, რომლის ზუსტ მდებარეობასაც არ გვიმხელენ ავტორიტეტული წყაროები.

ამბობენ, მამა ამხილა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის - ეს მართალია, მაგრამ მამას უკვე კარგა ხანია მიეტოვებინა თავისი ოჯახი და პავლიკს, საბჭოთა ხელისუფლების ერთგულება კი არა, უბრალოდ, შურისძიება ამოძრავებდა. მაინც რას აკეთებდა მამამისი? - ბევრს არაფერს: რაღაც გასამრჯელოს ფასად სოფელში ჩასახლებულ “კულაკებს” ცნობებს აძლევდა, რომ შინ დაბრუნება შესძლებოდათ.

ამბობენ, ამისთვის მოკლეს მტრებმა - ბაბუამ და ბიძამ. კეთილი, მაგრამ პავლიკის პატარა ძმას რაღას ერჩოდნენ? ასე იყო, თუ ისე, 1932 წლის ბოლოს სოფელ გერასიმოვკაში მოეწყო საჩვენებელი პროცესი, რომლის განაჩენით იქვე, კლუბის ეზოში დახვრიტეს რამდენიმე ბრალდებული - მოროზოვის ნათესავები, რომელთაგან ორი ოთხმოცს იყო გადაცილებული.

რუსმა მწერალმა იური ალპეროვიჩმა, ფსევდონიმით დრუჟნიკოვი, 1982 წელს გამოსცა წიგნი, რომელშიც მოცემული იყო მის მიერ ჩატარებული გამოკვლევა. რა მოხდა სინამდვილეში?

ჯერ ერთი, პავლე მოროზოვს სოფელში პაშკას ეძახდნენ - ვერსია “პავლიკი” გაზეთ “პიონერსკაია პრავდას” მოგონილია: ციმბირულ სოფელში ასეთი ქალაქური ალერსიანობა წარმოუდგენელია. პაშკას მშობლებმა, ტროფიმემ და ტატიანამ, ათი წელი იცხოვრეს ერთად და ხუთი შვილი გაუჩნდათ. მერე ტროფიმემ გუდა-ნაბადი აიკრა და უფრო ლამაზ და ახალგაზრდა ნინა ამოსოვასთან გადავიდა საცხოვრებლად. უნდა ითქვას, რომ გლეხები ცოლებს არ ტოვებდნენ - ეს უჩვეულო ამბავი იყო და აშკარად მეტყველებს პაშკას დედის საწინააღმდეგოდ.

ტროფიმე ოჯახში რომ დარჩენილიყო, არც შვილის “გმირობა” იქნებოდა. არა, რა თქმა უნდა, ტროფიმეს მაინც დაიჭერდნენ, რადგან წითელი ტერორის წმინდა საქმე ერთი მოზარდის იმედზე ვერ იქნებოდა - უბრალოდ, მამის დამბეზღებელი გმირი ვერ გახდებოდა. როგორ განავრცო საბჭოთა პროპაგანდამ პაშკას საქციელი! რა დეტალებით შეამკო! - სინამდვილეში კი სასამართლოზე მოწმედ მოყვანილი პაშკას ნამდვილი ჩვენება არ შეიცავს არც ერთ მტკიცებულებას - მხოლოდ დიდებისგან ნასწავლი ზოგადი ფრაზების დამახინჯებული გადმოცემაა.

ქრთამის აღებისა და საბუთების გაყალბებისთვის ტროფიმეს 10 წლის პატიმრობა მიუსაჯეს. ეს 1931 წელს მოხდა. პაშკა კი 1932 წლის ზაფხულში მოკლეს რვა წლის ძმასთან, თევდორე მოროზოვთან ერთად. ამან კი რა დააშავა? ან ამდენ ხანს რატომ იცადა შურისძიებამ?

სინამდვილეში 1932 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ურჩი ციმბირელების კოლექტივიზაცია განიზრახა. ამისთვის ყველაზე ეფექტური ხერხი იყო ტერორი ანუ დაშინება. უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა, მერე კი დამნაშავეებად შეძლებული გლეხების, “კულაკების” გამოცხადება სოფლის ღარიბობას კოლექტივში გაერთიანებას აიძულებდა ჯგუფური უსაფრთხოების მოსაპოვებლად. ამისთვის გერასიმოვკაში გაგზავნეს შინსახკომის ოფიცერი - შემსრულებელი. მისთვის სულ ერთი იყო, ვის მოკლავდა. ბედად, მოცხარის საკრეფად ტყეში გამოსული პაშკა და მისი ძმა გადაეყარნენ.

შემსრულებელმა ბავშვები ხიშტით მოკლა და იქაურობას გაშორდა. ორი დღის შემდეგ გვამები იპოვეს. არავითარი ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. მაშინვე ამუშავდა პროპაგანდის მანქანა: გმირი პიონერი მოკლეს საბჭოთა სახელმწიფოს მტრებმა. ეს მტრები, რა თქმა უნდა, უკვე დაპატიმრებული ტროფიმეს ნათესავებს შორის შეარჩიეს. მალე დაიწყო პაშკა მოროზოვის განდიდების საკავშირო კამპანია, რომელიც ათწლეულები გაგრძელდა.

გორბაჩოვის “პერესტროიკის” დროს, როცა გამოქვეყნდა დრუჟნიკოვის წიგნი, საბჭოთა კავშირში დაიწყო პავლიკ მოროზოვის მასობრივი დაგმობა. ის ნომერ პირველ დამსმენად და მოღალატის ნიმუშად გამოცხადდა. პავლეს ერთადერთი გადარჩენილი ძმა საშინელ დღეში ჩავარდა და მთავრობას აღშფოთებული წერილით მიმართა. მეორე მხრივ, სსრკ უზენაესმა სასამართლომ რეპრესირებულთა საზოგადოება “მემორიალს” უარი უთხრა 1932 წელს დახვრეტილთა რეაბილიტაციაზე.

ამ “ანტიმოროზოვულ” მოძრაობას ისეთივე პროპაგანდისტულ-კამპანიური ხასიათი ჰქონდა, როგორც მის განდიდებას. საბჭოთა მემკვიდრეობა “იდეურ მიმართებაში” არ ვლინდება: შეიძლება გულწრფელად დაგმო კომუნისტური წარსული, მაგრამ მაინც მისი გავლენის ქვეშ იყო. მთავარი სხვაა - პიროვნებისადმი დამოკიდებულება.

არც მოროზოვის თაყვანისმცემლები, არც მისი მგმობელები არ ითვალისწინებდნენ, რომ ბავშვის სიცოცხლე ჯერ ზნეობრივად, მერე ფიზიკურად, ბოლოს კი იდეურად დათრგუნა, შეიწირა და დაამახინჯა მანკიერმა პოლიტიკურმა სისტემამ. საერთო სიბრმავისა და უზნეობის საბუთი ადვილი საპოვნელია: მთელი ისტორიის მანძილზე არც ერთ მხარეს არ მიუცია მორალური შეფასება საბრალო თევდორე მოროზოვის მკვლელობისთვის...

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები