საქართველო - გუგლის თეთრი ლაქა

0 კომენტარი

კომპანია “გუგლის” ოფიციალურ ბლოგზე არის 2008 წლის 12 აგვისტოთი დათარიღებული ჩანაწერი, სათაურით “რატომ არ არის საქართველო “გუგლის” რუკაზე?” იქ ნათქვამია, რომ უამრავი ადამიანი დაინტერესდა ამ საკითხით და კითხვაც კი გაჩნდა, რუკიდან საქართველოს “გაქრობა” მიმდინარე ომს ხომ არ უკავშირდება.
“გუგლის” მესვეურები მაშინდელ მდგომარეობას იმით ხსნიან, რომ მათთვის შესაბამისი დეტალიზაციის რუკები ხელმისაწვდომი არ იყო. მომხმარებლებმა გამოთქვეს აზრი, რომ არაფერს მცირე ინფორმაცია სჯობდა. მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა. ჩვენი ორი მეზობელი, სომხეთი და აზერბაიჯანი, რუკაზე გამოჩნდა, საქართველოს ადგილას კი კვლავ „თეთრი ლაქაა”.
მართალია, ფოტოგამოსახულებებით საქართველო ასახულია დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, მაგრამ მის ტერიტორიაზე არ არის დატანილი სხვა ინფორმაცია - დასახლებული პუნქტების, ქუჩების, ღირსშესანიშნაობების სახელწოდებები, საავტომობილო გზების სიგრძე თუ სარკინიგზო მაგისტრალები.
ორიოდე თვის წინ ადამიანთა ერთმა ჯგუფმა „გუგლისთვის” გასაგზავნი პეტიცია შეადგინა და მისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” შესაბამისი გვერდიც გაკეთდა სათაურით “საქართველო “გუგლის” პროდუქტებში”, სადაც ნებისმიერს შეუძლია, ამ ინიციატივას გაეცნოს. საბოლოო ჯამში 453 ხელმოწერა შეგროვდა. 2009 წლის 28 დეკემბერს პეტიცია “გუგლის” სათავო ოფისს ფოსტით გაეგზავნა. პასუხი პეტიციაზე ჯერჯერობით არ ჩანს.
პეტიციის ინიციატორი არჩილ კიკვაძე ფიქრობს, რომ მხოლოდ პეტიციით საქმე არ გაკეთდება. მისი აზრით, დეტალური ინფორმაციის რუკაზე დატანა პირველ რიგში კარტოგრაფიისა და ტურიზმის დეპარტამენტებში უნდა აინტერესებდეთ.
როგორც გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტში აცხადებენ, “გუგლს” მათთვის არ მიუმართავს მაღალი დეტალიზაციის რუკების მოთხოვნით. თუმცა, რომ მიემართა კიდეც, ზუსტი ვექტორული რუკა, რომელზეც მითითებული იქნება როგორც მსხვილი, ისე მეორეხარისხოვანი გზები და დასახლებული პუნქტები, არ მოეპოვებათ. ამიტომ საქართველოს დეტალურად ასახვა მხოლოდ არაპროფესიონალ მოხალისეებზეა დამოკიდებული.
იანვრის ბოლოდან მოხალისეებს “გუგლ მეფ მეიკერში” (“გუგლის” რუკების დასარედაქტირებელი ინსტრუმენტი) ხუთიოდე ახალი ქვეყნის მონაცემების შეტანა შეუძლიათ. მათ შორისაა ბრაზილია და საქართველო. „მეფ მეიკერი” 2008 წლის ივნისში შეიქმნა, თუმცა თავიდან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა. დღეისთვის მისი საშუალებით “გუგლის” ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია 150-ზე მეტი ქვეყნის გზების, სკოლების, პარკებისა და სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის დამატება. მონაცემები “გუგლის რუკაზე” გადამოწმების შემდეგ ჩნდება, თუმცა საქართველოს შესახებ შეტანილი ინფორმაცია ჯერ არ დაუმტკიცებიათ.
„გუგლის” ელექტრონული რუკების დეტალურობა მხოლოდ ქვეყნის გეოგრაფიით დაინტერესებულთათვის როდია მნიშვნელოვანი. ინსტრუმენტი Google maps API ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას თავის საიტში “გუგლის” რუკა ჩასვას, მასზე საკუთარი დაწესებულების ზუსტი ადგილმდებარეობა მონიშნოს და შესაბამისი აღწერილობაც მიაბას. მაგრამ, რუკის არასათანადო დეტალიზაციის გამო, საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისთვის ეს ინსტრუმენტი უსარგებლოა. არსებობს კომპანია “მაიკროსოფტის” მიერ შექმნილი ანალოგიური ელექტრონული რუკა (bing.com/maps), რომელზეც საქართველოს მცირე სოფლების სახელწოდებებიც კი არის ასახული, სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალებთან ერთად. თუმცა, ახლო დაკვირვებისას ჩანს, რომ მათი უმეტესობა არაზუსტადაა დატანილი, რაც ამ რუკასაც გამოუყენებელს ხდის.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები