ტრაგედიის შემდეგ

უისტლერის საციგაო ცენტრის აგებას ორი წელიწადი და 105 მილიონი დოლარი დასჭირდა. ოლიმპიური კომპლექსი რომ სახიფათო იყო, ამის თაობაზე ოლიმპიურ კომიტეტს რამდენიმე გამოცდილმა სპორტსმენმა წერილობით ჯერ კიდევ თამაშების დაწყებამდე მიმართა. მაგრამ ორგანიზატორები მხოლოდ ტრაგედიამ გამოაფხიზლა. დაიღუპა 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი.
კანადის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრასის დიზაინი მანამდე ოფენბახში, ტურინში, სოლტ ლეიკ სიტისა და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში, საციგაო ცენტრების დიზაინერ-არქიტექტორად ნამუშევარ უდო გურგელს შეუკვეთა. იყო თუ არა ქუმარიტაშვილის სიკვდილი გაუმართავი ტრეკის ბრალი? ამ კითხვას გურგელმა ბრიფინგზე ასე უპასუხა: “თუ სიტყვა “სწრაფი” თქვენთვის იგივეა, რაც “სახიფათო”, მაშინ კი, ტრასა სახიფათო იყო, მაგრამ აქ ოლიმპიადა უნდა ჩატარებულიყო და ტრასა მაქსიმალურად მანევრირებადი გავხადე. ორგანიზატორებისგან არასოდეს მიმიღია მითითება, რომ ყინულის სისწრაფე და მოსახვევების რაოდენობა უნდა გამეზარდა. ეს იყო სტანდარტული ტრეკი და ვწუხვარ, რომ ქართველი სპორტსმენისთვის ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა”.
ტრაგედიის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ჟაკ როგი, ყველა ინტერვიუსა და ბრიფინგს, ტკივილსა და აუნაზღაურებელი დანაკარგის შესახებ რაფინირებული სიტყვით იწყებს. ამის პარალელურად, იცვლება, მოკლდება და მარტივდება ტრასა; იფუთება რკინის ბოძები, რომელსაც სპორტსმენი შეასკდა; ორ მოსახვევში, დამცავი კედელი 120 სანტიმეტრით მაღლდება. როგორც გერმანელმა მოციგავემ, ვერცხლის მედლის მფლობელმა ნატალი გეიზენბერგერმა თქვა, ეს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ტესტირების დროს და არა ადამიანის დაღუპვის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო.
ქართული ტელესივრცის საინფორმაციო გამოშვებები რამდენიმე დღის განმავლობაში ამ საშინელი კადრებით იწყებოდა. საქართველოში ქუმარიტაშვილის გარდაცვალება რეიტინგულ სანახაობად აქციეს. არაქართულ არხებზე სიკვდილის კადრები, რა თქმა უნდა, არ გაუშვიათ. CNN, Eurosport და BBC, სტოპ-კადრებით შემოიფარგლნენ.
ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს არ გაუპროტესტებიათ, როცა ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ქუმარიტაშვილის სიკვდილი მის გამოუცდელობას დაუკავშირეს. თუმცა ის, რომ შემთხვევის ადგილზე ბევრი რამ შეცვალეს, სწორედ ორგანიზატორების მიერ დაშვებულ შეცდომაზე მიუთითებს. მათ წინასწარ ვერ მიიღეს საჭირო ზომები და გამოდის, რომ ტრაგედია მათმა დაუდევრობამ და უპასუხისმგებლობამ გამოიწვია. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი საგამოძიებო კომისიის დასკვნას ელის. დასკვნა, წესით, მარტის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს. ამის შემდეგ გაირკვევა ისიც, აპირებს თუ არა დაღუპულის ოჯახი სარჩელის შეტანას სასამართლოში.



 

 

კომენტარები