ტოიოტალური შეცდომა

კორპორაციის პრეზიდენტი აკიო ტოიოდა ბოდიშს იხდის
ტოიოტამ წელს 8.5 მილიარდი მანქანის გაყიდვები პედლების გაუმართაობისა და მოულოდნელი აჩქარების გამო გლობალურად შეაჩერა. დაუმორჩილებელ მანქანებთან დაკავშირებული 47 ავარიული შემთხვევის გამოძიება, აშშ-ში, დღემდე მიმდინარეობს.
“ტოიოტასა” და “ლექსუსის” სხვადასხვა მოდელს, 2007 წლიდან, აშშ-ში, ფატალურად დასრულებული, სულ მცირე, ხუთი გახსნილი საქმე უკავშირდება.
მედიამ ყურადღება “ტოიოტას” შეცდომებზე, პირველად, შარშან აგვისტოში გაამახვილა, როცა ავტოავარიაში კალიფორნიის საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი და მისი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. გამოძიებამ გაარკვია, რომ ავარიის მიზეზი მანქანის მოულოდნელი აჩქარება გახდა: მძღოლს მუხრუჭი არ დაემორჩილა. ამ ინციდენტის შემდეგ “ტოიოტამ” პირველად გამოიწვია “ლექსუსის” მოდელების დიდი პარტია.
“ტოიოტას” მიმართ საჩივრების რაოდენობა, 2000 წლიდან, საშუალოდ 17%-ით გაიზარდა. 2008 წლის “ტოიოტა პრიუსიც” მათ რიცხვში მოხვდა, მაგრამ როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს მოდელი არ გამოუწვევიათ.
მარტში, ავარიული შემთხვევა სწორედ “ტოიოტა პრიუსმა” შექმნა. 61 წლის მძღოლი არ დაშავებულა, თუმცა ძალიან შეშინდა, რადგან მანქანაზე კონტროლი დაკარგა. მცდელობის მიუხედავად, მუხრუჭი უსარგებლო გამოდგა და მანქანა 20 წუთის განმავლობაში, ტრასაზე დიდი სიჩქარით მიფრინავდა.
მას შემდეგ, რაც მძღოლმა 911-ზე დარეკა, ტრასა ჩაიკეტა და სულ მალე მანქანას საპატრულოს თანამშრომელი წამოეწია. მან მძღოლს ძრავის ჩაქრობა ურჩია. “პრიუსი” ვერტიკალურ პოზიციაში მდგომ საპატრულო მანქანამდე მიგორდა. მანქანები ერთმანეთს არ შეხებიან.
“ტოიოტამ” მოულოდნელი აჩქარების მიზეზად პედლების მიწებების ეფექტი და მოუხერხებელი ხალიჩა დაასახელა. ამასთან, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სიჩქარეების ელექტრონული კოლოფი “ტოიოტას” ყველა მოდელში გამართულად მუშაობს.
წელს, ათწლეულის განმავლობაში პირველად, “ტოიოტას” აშშ გაყიდვებმა 16%-ით იკლო. მაშინ, როცა სულ რაღაც სამი წლის წინ აშშ-ში “ფორდს”, მსოფლიოს მასშტაბით კი “ჯენერალ მოტორსს” გაუსწორდა.
“საქართველოში პედლების პრობლემა სულ 300 მანქანას აღმოაჩნდა. ყველას დავურეკეთ და გავაფრთხილეთ. ქარხანამ შესაბამისი ნაწილი გადმოგვიგზავნა. მომხმარებლები მოდიან და ვუცვლით” - ამბობს “ტოიოტა თბილისის” გენერალური დირექტორი ირაკლი გურჩიანი.


 

კომენტარები