კლდის უბანი: ტურიზმი საკუთარ ქალაქში

მარშრუტი, რომელსაც აქ გთავაზობთ, იმით არის კარგი, რომ არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ მომზადებას, სპეციალურ ჩაცმულობას, აღჭურვილობას ან გზამკვლევს. მისი გავლა სპონტანურად, ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე შეგიძლიათ. მაგალითად, აღმოჩნდით სოლოლაკში და ზედმეტი საათ-ნახევარი გაქვთ.
ასათიანის ქუჩისა (ასათიანის 14) და აზიზბეკოვის აღმართის კუთხეში გამოკიდული აბრა - “ბეთლემის კლდის უბანი” სოლოლაკის ქედის ჩრდილოეთ კედლისკენ მიგვითითებს. კლდისუბნისკენ ფერდობს ბეთლემის ქუჩა-კიბე (1850, არქიტექტორი ტიმოთე ბელოი) მიუყვება. საფეხურებს პირდაპირ მაცხოვრის შობის, იგივე, ბეთლემის ქვედა ეკლესიის მისადგომთან ავყავართ (აქ ეკლესია 1717 წელს აიგო, როგორც სომხურ-გრიგორიანული წმ. სტეფანეს დედათა მონასტერი). ქვედა ბეთლემის ეკლესია კიბე-ქუჩით უკავშირდება ფეთხაიანის, ბეთლემის ზედა ეკლესიას (ყოფილი ღვთისმშობლის მიძინების), რომელსაც დედა-ბეთლემსაც უწოდებენ. გადმოცემის თანახმად, ქრისტიანულ სამლოცველოს ამ ადგილას ვახტანგ გორგასლის მეფობის ხანაში ჩაეყარა საფუძველი. ჩვენამდე მოღწეული ტაძარი კი XVIII საუკუნეში აიგო. ზედა ბეთლემის ეკლესიის ეზო გაშლილი ადგილია. აქედან თვალწარმტაცი, პანორამული ხედი იშლება: სოლოლაკის კრამიტის სახურავები, ბარათაშვილის ხიდი, ავლაბარი, ელიას მთა ხელისგულზე მოჩანს.
მცირე გადახვევა: თუ ზედა ბეთლემის ეკლესიის სამრეკლოსკენ გავუყვებით გზას, გომის ქუჩას მივადგებით. ამ ქუჩაზე შემონახულია ზოროასტრული ცეცხლის ტაძარი ათეშგა (IV-VII სს. სპ. ათეშ - ცეცხლი, გაჰ - ადგილი, შენობა, რომელშიც მუდმივი ცეცხლი ენთო). და თუ გომის ქუჩიდან, ქვის კიბე-ქუჩაზე სვლას გავაგრძელებთ, უჩვეულო, მომწვანო ფერის, ჭიქური გუმბათი მოგვხვდება თვალში. ეს კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიაა (ტაძრის ჩრდილოეთის კედელში დატანებული ორენოვანი წარწერის (ქართული და სომხური) მიხედვით, ეკლესია 1753 წელს სომეხ ბერებს აუშენებიათ).
ძირითადი მარშრუტის გასაგრძელებლად გომის ქუჩიდან უკან, ზემო ბეთლემის ეკლესიის ეზოში უნდა დავბრუნდეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოლოლაკის ქედისკენ განვაგრძოთ სვლა. რამდენიმე წუთში აღმოვჩნდებით სოლოლაკის (ყოფილი კომკავშირის და პოპულარულად ცნობილ ახალგაზრდობის) ხეივანში. სავალი ბილიკი აქედან მარცხნივ, ნარიყალას ციხისკენ (XIII ს.) მიუყვება ფერდობს. გზად, პანორამულ ადგილებზე, ჭოგრიტები და გზამკვლევი დაფებია დამაგრებული. ხის სავარძლებზე, როგორც წესი, ქალაქისკენ ზურგშექცევით განმარტოებული თინეიჯერები სხედან.
თუ გნებავთ, ნარიყალას კედლების მიდამოებში თქვენც განმარტოვდით, ისიამოვნეთ ხედით ან ციხის ფარგლებში მოქცეულ წმ. ნიკოლოზის ტაძარს ეწვიეთ (XIII ს. აღდგენილია 1990-იან წლებში). აქედან ციცაბო დაღმართით კალაუბნისკენ ვეშვებით. მიმდინარე რეკონსტრუქცია აქ თითქმის ყველა შენობა-ნაგებობას შეეხო. გამონაკლისი არც სურფ-გევორქის (იგივე წმინდა გიორგის) სახელობის სომხურ-გრიგორიანული კათედრალური ტაძარია. ციხის საყდარს (ასე უწოდებდნენ უწინ სურფ-გევორქის ეკლესიას) ახალი აგურის ეზო უშენდება. ეკლესია მეცამეტე საუკუნის შუა წლებშია აგებული და, აქედან მოყოლებული, ქალაქის მრავალი ძნელბედობის მომსწრეა. განსაკუთრებით დაზიანდა მეთვრამეტე საუკუნეში, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს. გადმოცემის მიხედვით, თბილისელი აშუღის, საიათნოვას სიცოცხლეც ამ შემოსევას ემსხვერპლა. ამ ეკლესიის ეზოშივე ნახავთ მის საფლავს. სურფ-გევორქის ეზოდან პირდაპირ მეიდანზე ამოყოფთ თავს. აქვე შეგიძლიათ წასახემსებლად შარდენის ქუჩის რომელიმე კაფე-რესტორანს ესტუმროთ ან... თქვენი საქმისა თქვენ იცით.


 

 

კომენტარები