ჯერ კაბა, მერე ოსკარი

ანამედროვე მოდის ტენდენციები ღია ნახევარტონებით, ინტენსიური ღვინისფერით და ლურჯის სხვადასხვა გრადაციებით, ოსკარების დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე აირეკლა. ვარსკვლავების სამოსში იყო ასიმეტრია, კორსეტი, გაზვიადებული ბრჭყვიალა ნაქარგები და ახალი ტექნოლოგიებით დამუშავებული მეტალის ქსოვილები.
წლევანდელ დაჯილდოებაზე არ ყოფილა ისეთი შოკისმომგვრელი მოვლენა, როგორიც, მაგალითად, ბიორკის კაბა-გედი გახლდათ 2001 წელს. ამ უცნაურ ჩაცმულობაზე წიგნები დაიწერა და არაერთი კომედიანიტი დღესაც ხუმრობს. თუმცა, იყო ჯეი ლოს სურეალისტურ-გროტესკული „არმანი პრივეს” კაბა-ტალღა ან კაბა-კასკადი, ასევე სიგურნი უივერის ბერძნულ-რომაული „ლანვანი”, რომელიც მისი ავატარის ლურჯ სხეულს უფრო მოუხდებოდა, ვიდრე 2010 წლის ლოს ანჟელესს. პენელოპა კრუზის ბუნებრივი სილამაზე თითქოს უჩინარდებოდა დონა კარანის გახევებულ დრაპირებასა და „შოპარდის” ბრილიანტებს შორის. არაჯანსაღ გასტრონომიულ ასოციაციებს იწვევდა დიორის სახლის შექმნილი ორი ლილისფერი ატლასის ვარდი შარლიზ ტერონის მკერდზე.
იყვნენ დამაჯერებელი ქალბატონებიც. სანდრა ბულოკის ოქროსფერი კაბა პაკუინის ძველი ჟაკარდის ქსოვილისგან შექმნა მარჩეზამ. ერთ-ერთი საუკეთესო იყო კერი მილიგანზე მორგებული „პრადას” ელეგანტური, შავი ატლასის უსახელო კაბა მძიმე კრისტალებით. ქეით უინსლეტის სადაფისფერ, ბრტყელკორსეტიან, „ივ სან ლორანის” კაბაზე თავს იწონებდნენ 2,5 მილიონდოლარიანი „ტიფანის” არტ-დეკო ბრილიანტები. სარა ჯესიკა პარკერი კი, მართალია მეტისმეტი მაკიაჟით, მაგრამ მაინც დარჩა დახვეწილი გემოვნების ერთგული „შანელის” სპილოსძვლისფერ კრეპის კაბაში და ფრედ ლივინგტონის სამაჯურებში.
მამაკაცებიც შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ, ახლა უკვე რეჟისორ-დიზაინერის, ტომ ფორდის სმოკინგებში. ხოლო რობერტ დაუნი უმცროსმა, „ლანვანის” პიჯაკი, სპორტული ფეხსაცმელი და თითქოს მისივე ხელნაკეთი ბაფთა შემოგვთავაზა.
თითოეული ვარსკვლავის სამოსს სტილისტების დიდი შრომა ეტყობოდა. ეს არტისტებისთვის „უსაფრთხო გადაწყვეტილების” გარანტია, მაგრამ ჩვენ, მათ აღკაზმულობაში, ინდივიდუალიზმის დანახვას უფრო ვისურვებდით.


 

 

კომენტარები