ტემპი ძია ოსკარ, ტემპი!

7 მარტს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაწყებული ოსკარის რიგით 82-ე ცერემონია, “ელვინი და ციყვების” გაგრძელებას უფრო ჰგავდა, ვიდრე შოუს. მოწყენილობამ ფესვების გადგმა წითელ ხალიჩაზევე დაიწყო. 2-3 საინტერესო მომენტს თუ გამოარჩევდით:
ვერა ფარმიგას (“მაღლა ცაში”) “წამოსცდა” - საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ხმა ქეთრინ ბიგელოუს მივეციო - მაშინ, როცა ამავე კატეგორიაში იყო ნომინირებული მისი რეჟისორი ჯეისონ რაიტმანი. რომ არა რაიტმანი, ვერა ფარმიგას წელს ოსკარის ნომინაცია არც “დაემუქრებოდა”.
“იღბლიანი ვარ, რომ დღეს ნომინანტთა შორის ვიმყოფები, თუმცა მიმაჩნია - ოსკარს ჯეფ ბრიჯესი მიიღებს” განაცხადა “მაღლა ცაშის” კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, ჯორჯ ქლუნიმ. მსახიობი მათარის და ელიზაბეტ კანალისის თანხლებით მივიდა შოუზე. გაურკვეველია მათგან რომლის დამსახურება იყო მთელი შოუს განმავლობაში ქლუნის სახეზე გახევებული გრიმასა.
ყველაზე მხიარულ მომენტად გამოდგა ვუდი ჰარელსონის (“მაცნე”) წითელ ხალიჩაზე გამოჩენა. მსახიობი, რომელიც რამდენიმე წელია მარიხუანას ლეგალიზებისთვის იბრძვის, შოუზე კანაფისგან დამზადებული სმოკინგითა და პერანგით მივიდა...
ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენთაგანი - ასე შეფასდა ოსკარის დაჯილდოების 82-ე ცერემონია. წლევანდელი ოსკარი წინამორბედების ხანგრძლივობას დიდად არ აჭარბებდა, თუმცა ამ სამმა საათმა და წუთებმა ბევრს მთქნარების სურვილი გაუჩინა. როგორც “ლოს ანჯელეს თაიმსის” მიმომხილველი მარი მაკნამარა წერს - “ყველას გვეგონა, რომ “კოდაკის” კულისებიდან ვიღაც ღრიალებდა - ტემპი ადამიანებო, ტემპი”. წამყვანებმა, ალეკ ბოლდუინმა და სტივ მარტინმა, ვერ გაუქრეს პუბლიკას დროის შეგრძნება.
შარშანდელისაგან გასხვავებით, მოსაწყენი აღმოჩნდა მამაკაცის და ქალის როლებისთვის ნომინირებულთა წარდგენაც. ოსკარის ლაურეატები - ალკოჰოლიკი მუსიკოსი ჯეფ ბრიჯესი (“შეშლილი გული”), გმირი ქალი სანდრა ბულოკი (“უხილავი მხარე”), ნაცისტი კრისტოფ ვალცი (“უსახელო ნაბიჭვრები”) და ცუდი დედა მო’ნიკი (“ძვირფასი”) - თავიდანვე, ფავორიტები იყვნენ.
უდავოდ ნათელი წერტილი იყო საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინანტთა წარდგენა. ანიმაციურმა პერსონაჟებმა, მელიამ “ფანტასტიკური მისტერ ფოქსიდან” და ბლუზმენმა ნიანგმა ლუიმ (“პრინცესა და ბაყაყი”), შოუ ცოტათი გააფერადეს.
წლის დასაწყისისთვის კაცობრიობამ პლანეტა “პანდორაზე” დადგა ფეხი. კინოსამყაროს თავს დაატყდა ჯეიმს კამერონის ყველაზე ველური ჰაი-ტექ ფანტაზიები. “ავატარმა” მილიარდობით დოლართან ერთად, თითქოს ადამიანთა გულებიც მოიგო და... მხოლოდ სამი “ოსკარი”. ამჯერად აკადემიამ პრინციპებს უერთგულა და ციფრულ ცრემლებს, ადამიანური ემოციებით გაჯერებული “ქარიშხლის მბრძანებელი” ამჯობინა. ოსკარის არსებობის განმავლობაში, ფენტეზის ან ფანტასტიკის ჟანრის ამ ნომინაციით დაჯილდოების ერთადერთ შემთხვევად “ბეჭდების მბრძანებელი” რჩება.
თავის დროზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში, “ამელი” და “ფავნას ლაბირინთიც” ოსკარის გარეშე დატოვეს. მიუხედავად ამისა, მაინც მოულოდნელი იყო მიხაელ ჰანეკეს ფილმის, “თეთრი ლენტის” უოსკაროდ გასტუმრება. ამ ფილმმა ხომ არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, კანის ფესტივალით დაწყებული, “ოქროს გლობუსით” დამთავრებული. უსიამოვნო სიურპრიზები ამით არ ამოწურულა. ოსკარი არც მეორე ფავორიტს, ჟაკ ოდიარის ფრანგულ “წინასწარმეტყველს” ერგო. საბოლოოდ, ჯილდოს დაეუფლა არგენტინული ნამუშევარი - “საიდუმლო მათ თვალებში”. რა გაეწყობა, ევროპაში აღიარებული ფილმების დაუფასებლობა აკადემიის ტრადიციაა.
მო’ნიკის სამადლობელო სიტყვა, წითურთმიანი ქალის სცენაზე ამოვარდნა და კრისტოფ ვალცის ოსკარი - სამწუხაროა, რომ მხოლოდ ეს არის 82-ე ოსკარის ცერემონიის საუკეთესო მომენტების სრული ჩამონათვალი.


 

კომენტარები