ტყეში დაბადებული პროექტი

ბაჩი თომაძე
26 წლის ბაჩი თომაძე, ელექტრონული მუსიკალური პროექტის, The Forest - ის შემქმნელია ძირითადად პროგრესულ და ექსპერიმენტულ ტექნოს უკრავს და დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკის ავტორია.
განსხვავებული ჟღერადობის მუსიკაზე ბავშვობიდან შეყვარებული მუსიკოსი 15 წლის იყო, როცა რუსეთში წავიდა. იქ დაიწყო მუსიკის წერა და შემდეგ გამიქსვა: “თავიდან მეგონა, ძალიან დახვეწილ თემებს ვაკეთებდი, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი მაშინდელი ნამუშევრები ძალიან სასაცილო იყო”.
ერთი წელიწადში თბილისში დაბრუნების შემდეგ, მისი კარიერა სხვადასხვა კორპუსის სარდაფებში გაგრძელდა. ბაჩიმ თავისი ჭკუის ადამიანები იპოვა, გარშემო პანკი მეგობრები შემოიკრიბა, თმა მწვანედ შეიღება და რეივ მუსიკის მოსმენა დაიწყო. ,,დღე არ გავიდოდა, ჩემთან წვეულებაზე მომავალი რომელიმე მეგობარი ქუჩაში არ ეცემათ. ისინი იმ დროს საქართველოსთვის ძალიან მიუღებელი ადამიანები იყვნენ”, იხსენებს ბაჩი.
2000 წელს შექმნა ჯგუფი Second Floor, უკრავდნენ თრიფ ჰოფს. თბილისში ბევრ კარგ საღამოზე დაუკრავთ. იმავე წელს გამოუშვეს “ჰაერში დარჩენილი”, ალბომი, რომელსაც წარმატება არ მოუტანია: “მივხვდი, რომ ამ ბაზარზე მუშაობას პერსპექტივა არ ჰქონდა. უბრალოდ მსიამოვნებდა და მაინც ვაკეთებდი.”
ზაფხულობით ბათუმში უკრავდა. სწორედ იქ გაიცნო ვაკო ტაბატაძე და ერთობლივი პროექტის გაკეთება გადაწყვიტეს. ერთ-ერთი წვეულება ტყეში ჰქონდათ _ კლდეზე მდგარი ორი დიჯეი მხოლოდ ტყეს, ცასა და ვარსკვლავებს ხედავდა. “სწორედ იმ დღეს, გარემოდან გამომდინარე, დავარქვით ჩვენს პროექტს The Forest.
პროექტმა გაამართლა. ბაჩის თქმით, საკუთარი მუსიკის გავრცელების ძირითადი წყაროა Myspace. ამ სოციალური ქსელის საშუალებით გააფორმეს ორწლიანი კონტრაქტი ამერიკულ ლეიბლებთან: ARTEFEKZ, Music, Minimus, Xonae. The Forest - ის მიერ შექმნილ მუსიკას მსოფლიოს მასშტაბით ყველა ინტერნეტ მაღაზიაში უშვებენ.
სხვადასხვა ვოკალისტთან ერთად, ბაჩი თომაძე ამჟამად ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობს. ამბობს, რომ ვოკალისტს, პირველ რიგში, მუსიკალურად და შინაგანად უნდა გაუგოს. მუსიკას წერს სახლში, ოთახში, სადაც მთელი კედლის გაყოლებაზე ფანჯარაა და საიდანაც ღამით მხოლოდ ცა, ვარსკვლავები და მთვარე მოჩანს. მუშაობს ღამით, ამბობს, რომ დღის შუქზე მუსიკის წერა არ გამოსდის. უახლოეს მომავალში გერმანიაში აპირებს წასვლას, სადაც ბევრი უკრავს მუსიკას, რომლის მოსმენაც თავად ძალიან სიამოვნებს.

 

 

 

კომენტარები