დედაქალაქის ხარჯვითი პოლიტიკა

0 კომენტარი

ბილისის მერიის სოციალური პროექტების ბიუჯეტი, შარშანდელთან შედარებით, წელს 15 მილიონი ლარით გაიზარდა. მერია გადაწყვეტილებას მოსახლეობაზე ზრუნვის აუცილებლობით ხსნის, ექსპერტთა ნაწილი კი - პოპულიზმით.
დედაქალაქის სოციალური ბიუჯეტი წელს 100 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2006 წლის შემდეგ. თავისუფალი ბაზრის მომხრეების აზრით, ხარჯვითი პოლიტიკა უფრო მომჭირნე უნდა იყოს.
მაგალითად, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისთვის 1 მილიონი ლარია გამოყოფილი: პროექტის „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიასთან ერთად” ფარგლებში, ყოველი დამწყები ბიზნესმენი, რომელიც შეღავათიანი სესხის მისაღებად ბანკებთან შუამდგომლობის მიზნით მერიას მიმართავს, საკუთარ თავზე აიღებს ერთი ადამიანის დასაქმების ვალდებულებას: წლიურად, სულ მცირე, 200 ადამიანს ექნება სამუშაო.
თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის დირექტორი ვახტანგ მეგრელიშვილი კონკრეტულ მაგალითზე დაასკვნის, რომ საქმე მაშინ რთულდება, როცა ორ მსურველს უნდა სახაჭაპურეს გახსნა, მერია კი ორივეს ვერ დაეხმარება: გამოდის, რომ სესხით მას ერთ-ერთი მათგანისთვის გაკოტრების განაჩენი გამოაქვს. დასკვნა მარტივია: „თუ ბაზარზე ვინმე ხელოვნურად შემოგვყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზრიდან ვიღაცას ხელოვნურად ვაგდებთ”.
სოციალური ბიუჯეტის პრიორიტეტია ჯანდაცვაც. ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, გაიზარდა წამლების დაფინანსება. სულ სამედიცინო დაზღვევის პროექტში ჩართულია 100 ათასი ადამიანი.
მომჭირნე ხარჯვითი პოლიტიკის მომხრეები შიშობენ, რომ ეს სიახლე ბაზარს ძვირი დაუჯდება: როდესაც ადამიანი დაზღვევის დროს აღარაა თანადამფინანსებელი, ის მაქსიმალურად მოიხმარს მომსახურებას, რომლისთვისაც ფულს სხვა იხდის. ამ შემთხვევაში მოთხოვნა იზრდება, რესურსი მის დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებს და ფასიც იზრდება. ფასის დარეგულირებას გაზრდილი კონკურენცია უნდა იწვევდეს, თუმცა, როცა დაბეგვრითა და ლიცენზიებით სფერო მძიმედ რეგულირებულია, ფაქტია, კონკურენცია ვერ გაიზრდება.
მერიას კონტრარგუმენტი აქვს: დაზღვევა ეხება არა ყველაფერს, არამედ მხოლოდ იმ ოპერაციებს, რომლებზეც მოთხოვნა მაღალია. ტენდერის საფუძველზე მერიამ გამოავლინა ის კლინიკები, რომლებშიც, ეს ოპერაციები დაბალ ფასებში, მაგრამ მაღალი ხარისხით კეთდება.
საბაზრო ეკონომიკის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი მიდგომა არათანმიმდევრულია: მხოლოდ სიხშირე ფაქტორი არ არის. პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო, კონკრეტული ინდივიდების ნაცვლად, საავადმყოფოებს აფინანსებს, რაც არაეფექტურია, რადგან მისით სარგებლობს არა მხოლოდ ღარიბი, არამედ საშუალო და მდიდარი ფენაც. გამოსავალია ვაუჩერი, რომელიც მხოლოდ ღარიბ ადამიანებზე გაიცემა. შედეგად, სახელმწიფოს ნაცვლად, კლინიკას თავად პაციენტი ირჩევს: კლინიკებს შორის კონკურენცია იზრდება, ხარისხი მაღლდება და სერვისის ფასიც კლებულობს.
თავისუფალი ბაზრის მომხრეთა აზრით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემის გადასაჭრელად ოპტიმალური ღონისძიება იყო სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ 2006 წელს წამოწყებული პროგრამა - ღარიბების იდენტიფიცირება და შემდეგ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყოველთვიური დახმარებისა და დაზღვევის დანიშვნა. არსებული მეთოდით დახმარებას მიიღებდნენ უკიდურესად გაჭირვებულები და არა ყველა, მიუხედავად იმისა, სჭირდება დახმარება თუ არა.
მეგრელიშვილისთვის გაურკვეველია, ამ პროგრამაზე რატომ დაიხარჯა ქვეყნის მასშტაბით 400 მილიონი ლარი, თუ სახელმწიფო მაინც ყველას უნდა დაეხმაროს.
დედაქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტების ნუსხაში, მაგალითად, ისეთი პუნქტებიც მოხვდა, როგორიცაა თბილისის მოსახლეობის დასუფთავებისა და გაზის მოსაკრებლის დავალიანების დაფარვა. დაკვირვებული თვალისთვის ეს პუნქტი განსაკუთრებით პოპულისტურად გამოიყურება: რატომ არის ვალდებული საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც პატიოსნად იხდის კომუნალურ გადასახადებს, დასუფთავების ან თუნდაც გაზის ხარჯები დაუფაროს ურჩ გადამხდელებს?!
„თუ იტყვი, რომ 30%-ის ხარჯზე ვაცხოვრებ 70%-ს, გასაგებია, რომ ეს 70%-ს მოეწონება. სინამდვილეში, მოხდება ის, რომ 30% ანუ მოსახლეობის გადასახადის გადამხდელი ფენა შეწყვეტს საქმიანობას და გამოსართმევი აღარაფერი დარჩება”, - ამბობს მეგრელიშვილი. საქმიანობას იმიტომ შეწყვეტს, რომ საკუთარი შრომის ნაყოფს ვერ დაინახავს: ეკონომიკური ზრდა კი საკუთარი შრომის შედეგის დანახვით მიიღწევა, როცა „ნაკლებად ვძარცვავთ, თუნდაც, ლეგალურად”.
„ლეგალური ძარცვა” ჩაკეტილი წრის ნაწილია, რადგან დემოკრატიული რეჟიმი აქცენტს უმრავლესობაზე აკეთებს: ამომრჩეველთა უმრავლესობა თავის ხმას მისთვის ყველაზე მომგებიან დაპირებებზე ყიდის.
სამწუხაროდ, მსგავსი ქმედებების გამო, ხელისუფლება არასოდეს გამხდარა ოპოზიციური პარტიების მხრიდან რაციონალური კრიტიკის ობიექტი. პირიქით, ეს უკანასკნელნი უფრო შორსაც კი მიდიან და, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მოსახლეობას ინდივიდუალური კრედიტების დაფარვას, უფასო საავადმყოფოებს და სხვა “სიკეთეებს” ჰპირდებიან.
მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ყოველთვის კმაყოფილი იქნება იმით, რომ მეორე ნაწილს ფულს გამოართმევენ და მას მისცემენ. პრობლემა ისაა, რომ საქართველო ღარიბი და, თანაც, ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, სადაც დიდხანს სჯეროდათ, რომ კეთილდღეობაზე ზრუნვა არა იმდენად საკუთარი თავის ვალდებულებაა, რამდენადაც სახელმწიფოსი.
ამ საბჭოური მენტალიტეტის მქონე ადამიანებისთვის ალბათ იმედის გაცრუების ტოლფასია მეგრელიშვილის არჩევანი, ვისთვისაც სწორი პოლიტიკა ის იქნებოდა, პოპულისტური სოციალური პროექტები საერთოდ რომ შეწყდეს და ბიუჯეტი - მხოლოდ თბილისის კი არა, მთლიანად სახელმწიფოსი - მხოლოდ უსაფრთხოებაზე ანუ მართლწესრიგსა და საგარეო თავდაცვაზე ორიენტირებული გახდეს. „ჩვენ ახლა კონკურენცია გვაქვს პოპულიზმში - ამბობს მეგრელიშვილი: - ვინ უფრო „მაგარი” პოპულისტი იქნება. სოციალური ბიუჯეტის ზრდის მთელი თეორიაც ეს არის”.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები