არაცივილური საზოგადოება

0 კომენტარი

2003 წლის ნოემბრის რევოლუციის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების დასუსტება აღიარებული ფაქტია. მაგრამ თუ თავდაპირველად ამ ფაქტს მარტივი ახსნა მოეძებნა - “ტვინების გადინება” არასამთავრობო ორგანიზაციებიდან პოლიტიკურ სფეროსა და საჯარო სამსახურში, დღეს მისი განსხვავებული ინტერპრეტაციაა გავრცელებული. გაჩნდა ეჭვი - იყო თუ არა ეს საერთოდ დასუსტება? ხომ არ იყო ეს ოპტიკური ილუზია, რომლის ასახსნელადაც, რევოლუციის შემდეგ, სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერების ფაქტის გათვალისწინებაა საჭირო? და, აი, დღეს „ექსპერტების” უმეტესობა თანხმდება - სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში არც არასოდეს ყოფილა ძლიერი.

რატომ? მთავარი მიზეზები: 1. არასამთავრობო ორგანიზაციები პოსტსაბჭოთა საქართველოში არაა აგებული მოხალისეობის პრინციპზე; ამ სფეროში მომუშავე ადამიანების უდიდესი ნაწილი აქ სტაბილურ ხელფასზე მუშაობს და არა საერთო ინტერესებისა და ღირებულებების საფუძველზე; ამიტომ ჩართული და ანგაჟირებული ადამიანების რიცხვი ძალზე მცირეა; 2. არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა პოსტსაბჭოთა საქართველოში თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული ქვეყნის გარედან წამოსულ დაფინანსებაზე, ამიტომ ისინი არ აღიქმება, როგორც ორგანული პასუხი ქვეყნის შინაგან პრობლემებზე.

კონკრეტულად ეს შემდეგს ნიშნავს - რომელიმე დონორი ორგანიზაცია გამოაცხადებს კონკურსს, რომლის მიზანიცაა, ვთქვათ, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აქამდე მასმედიის განვითარებით იყო დაკავებული, ამ კონკურსისთვის გადაუხვევს პროფილს და შეიტანს განაცხადს. გრანტის ამოწურვის შემდეგ იგივე ორგანიზაცია უკვე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციით ან საბიუჯეტო გამჭვირვალობით დაინტერესდება - მოკლედ, ნებისმიერი საკითხით, რაზეც არსებობს დონორების კონიუნქტურა.

ეს ვითარება სისუსტეზე მიანიშნებს. სამოქალაქო საზოგადოება, წესით, სხვა რაღაცას უნდა ნიშნავდეს - სოციალური ურთიერთობების ერთობლიობას, რომლებიც არც ოჯახის სფეროს მიეკუთვნება, არც ბიზნესის და არც სახელმწიფოსი. ესაა სოციალური ცხოვრების თვითორგანიზაცია. სამოქალაქო საზოგადოების მიზნები მისი წევრების ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს; ის თვითკმარი უნდა იყოს, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც.

ქვეყანაში “ენ-ჯი-ო ცივილიზაციის” ამ სისუსტის გაცნობიერების შემდეგ უცბად გაჩნდა პარადოქსული და ინტელექტუალებისთვის მიმზიდველი იდეა - იქნებ არასწორ ადგილას ვეძებთ? იქნებ სამოქალაქო საზოგადოება ჩვენს ცხვირწინ გაჩნდა, ოღონდ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ?

და აი, პირველი ალტერნატიული კანდიდატიც - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი. ეს უდავოდ ქვემოდან შექმნილი ორგანიზაციაა. ის არაა დამოკიდებული საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პრიორიტეტებზე და მასში გაერთიანებული ადამიანები სწორედ ღირებულებებისა და ინტერესების საფუძველზე შეიყარნენ ერთად.

ცხადია, მმკ ანტილიბერალური და ანტიდემოკრატიული ორგანიზაციაა: ის მოითხოვს ინდივიდის თავისუფლების შეზღუდვას და მთავარ ღირებულებად უპირობო მორჩილების აღიარებას.
მაგრამ მერე რა? - იკითხავს პარადოქსების მოყვარე ინტელექტუალი. როგორი მოქალაქეებიც გყავს, ისეთი სამოქალაქო საზოგადოება გექნება.

თითქოს მართლაც ასეა.
ოღონდ მხოლოდ თითქოს.

რითი დაგვამახსოვრა თავი მმკ-მ? პირადად მე სამი რამ მახსენდება: ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ითხოვდნენ გადაცემა “კედლის” დახურვას საზოგადოებრივ მაუწყებელზე; დაარბიეს ჰელოუინის წვეულება 2008 წელს; ითხოვენ გადაცემა “ღამე შორენასთან ერთად” მოხსნას “იმედის” ეთერიდან.

ამ სამი მაგალითიდან ჩანს, თუ რაზეა ამ ორგანიზაციის მთავარი აქტივობები მიმართული - სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების გაქრობა-განადგურებაზე. ესაა ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ საკუთარი ღირებულებების არსებობის უფლებას აღიარებს და ყოველი ალტერნატივის დამცირება-განადგურებას ცდილობს, მათ შორის, თუ შესაძლებლობა არსებობს, ძალის გამოყენებითაც.

მოკლედ, ესაა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც სურს, რომ ერთადერთი გახდეს და მოიცვას როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო სექტორები მთლიანად.

სწორედ აქაა მთავარი პრობლემა: სამოქალაქო საზოგადოება აუცილებლობით პლურალურია. რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს რომელიმე ჯგუფის წევრების სუბიექტური დარწმუნებულობა საკუთარი ღირებულებების სისწორეში, ამ რწმენას აუცილებლობით უნდა ახლდეს თან იმის დაშვება, რომ არსებობენ სხვებიც, რომლებსაც ცხოვრების და საკუთარი ღირებულებების წარმოჩენის არანაკლები უფლება აქვთ. არა, ეს არაა მხოლოდ პლურალიზმის ფაქტთან შეგუება (“სხვები არსებობენ და ხომ არ დავხოცავთ?!”). ეს ბევრად უფრო მეტია - ესაა საკუთარი ცნობიერების ნაწილად პლურალიზმის პრინციპის გადაქცევა. სამოქალაქო საზოგადოების წევრთა ცნობიერება აერთიანებს საკუთარი სისწორის განცდას სხვა, ხშირად საპირისპირო შეხედულებებისა და ღირებულებების ლეგიტიმურობის აღიარებასთან.

როდესაც არ ვაღიარებთ პლურალობას, სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბარიც ზედმეტია.
დავასკვნათ: მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი არაა, მაგრამ რა დავარქვათ იმას, რისი ნაწილიც ის არის?

ტერმინი “სამოქალაქო საზოგადოება” არაა მხოლოდ ობიექტური, აღწერითი ტერმინი. მას ნორმატიული, შეფასებითი კომპონენტიც აქვს. მასში დღემდე ისმის “კარგისა” და “დადებითის” ობერტონები. სხვადასხვა შეხედულებათა და ღირებულებათა მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპი აქ განმსაზღვრელ როლს ასრულებს. სამოქალაქო საზოგადოება ცივილური საზოგადოებაა (civil society).

თუ ტერმინის ამ შეფასებით განზომილებას გავითვალისწინებთ, მაშინ მმკ-ს ტიპის ორგანიზაციების ერთობლიობას არაცივილური საზოგადოება შეიძლება დავარქვათ.

ცნობილია, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს ქვეყანაში როგორც პოლიტიკური სისტემის ეფექტიანობას, ისე ეკონომიკური განვითარების პროცესს. ვთქვათ ასე: ესაა პლუსი.

ისიც ცნობილია, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არარსებობა პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პროცესებს ანელებს და ართულებს. პირობითად ამას ნული შეგვიძლია ვუწოდოთ.

რასაც ნაკლებად ვაცნობიერებთ ხოლმე, შემდეგია: ძლიერი არაცივილური საზოგადოება აქტიურად ანგრევს ქვეყანაში როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას. აქ კი საქმე მინუსთან გვაქვს.

როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველო რამხელა მინუსშია?

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები